მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, მთავრობას გეგმა კი ისევ არ აქვს - გიგლა მიქაუტაძე

5ea68fd5c17d9
BM.GE
27.04.20 11:51
1332
"რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, მთავრობას გეგმა კი ისევ არ აქვს" - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ივლისში არ განაახლებს ექსპორტს. 

"როგორც ვპროგნოზირებდით, დღეიდან რუსეთმა მარცვლოვანი პროდუქტების ექსპორტი პირველ ივლისამდე აკრძალა. ვინაიდან საქართველოში ხორბლის მოხმარების 80% რუსული წარმოშობისაა, შესაძლოა, შეიქმნას დეფიციტი. ზოგადი განცხადებების გარდა, მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია ხორბლის მარაგების კონკრეტული სტატისტიკა და მომარაგების ალტერნატიული გეგმა. ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ივლისში არ განაახლებს ექსპორტს. საქართველოს მთავრობას დიდი ხნის წინ უნდა ეზრუნა ახალი ბაზრების მოძიებაზე, რათა რუსეთზე დამოკიდებულება მინიმალური ყოფილიყო.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გვითხრას, რა ღონისძიებები იგეგმება მიწების დამუშავების სტიმულირებისთვის და როგორ გაიზრდება სტატისტიკა ამ კუთხით. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში მიზერული თანხებია გათვალისწინებული აგროსექტორისთვის, რაც სურათს დიდად ვერ შეცვლის. უკვე წლებია, სასოფლო-სამეურნეო მიწების 75% საქართველოში არ მუშავდება, რაც აისახა კიდეც ნეგატიურად ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე.

ლელოს ანტიკრიზისული მოდელი, სხვა კომპონენტებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სტიმულირებისთვის 1 მილიარდ ლარს ითვალისწინებს, რაც მოკლე დროში უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.