მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში Instagram-ის ანალოგი РОССГРАМ-ი ჩაეშვება

62337f7784d37
მარიამ ადამია
18.03.22 00:14
959
რუსეთში Instagram-ის ანალოგიური სოციალური ქსელი РОССГРАМ მარტის ბოლოდან ამუშავდება. Россграм-ი ალექსანდრე ზობოვმა შექმნა, რომელიც Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის თანაკურსელია. როგორც მისი შემქმნელები აცხადებენ, ახალ სოციალურ ქსელს Instagram-ის ყველა ფუნქცია ექნება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ამ გზით კი რუსები Instagram-ის გაუქმების შედეგად გამოწვეულ სიცარიელესა და დანაკლისს შეივსებენ და მეტიც, როგორც დამფუძნებლები ამბობენ, Instagram-ზე მეტად გაუმჯობესებული და უფრო მრავალფეროვანი სერვისით იქნება წარმოდგენილი.

„ჩემი პარტნიორი კირილ ფილიმონოვი და ჩვენი დეველოპერების ჯგუფი უკვე მზად იყვნენ მოვლენების ამ შემობრუნებისთვის და გადაწყვიტეს ხელიდან არ გაუშვან შესაძლებლობა შექმნან ჩვენი თანამემამულეებისთვის საყვარელი პოპულარული სოციალური ქსელის რუსული ანალოგი“, - ამის შესახებ განცხადება ახალი სოციალური პლატფორმის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ზობოვმა, VKontakte-ის გვერდზე დაწერა. მის მიერ გაზიარებული ფოტოდან ჩანს, რომ РОССГРАМ-ის ფერები და განლაგება ძალიან ჰგავს Instagram-ს.

რაც შეეხება Instagram-ს, რუსეთის კომუნიკაციების სახელმწიფო მარეგულირებელმა "როსკომნადზორმა" რუსი მომხმარებლისთვის ქსელი ორშაბათს დაბლოკა და გადაწყვეტილების მიზეზად Facebook-ის მიერ "რუსული მედიისა და საინფორმაციო წყაროების დისკრიმინაცია" დაასახელა. უწყების განცხადებით, 2020 წლის ოქტომბრიდან ასეთი 26 შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, რუსეთი აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობს შიდა ტექნოლოგიის განვითარების კუთხით, მათ შორის იწყებენ საკუთარი სმარტფონების წარმოებას. ხოლო "გაზპრომ მედიამ" ნოემბერშივე გამოუშვა პლატფორმა Yappy, რომელიც TikTok-ის ანალოგია და დღეს ის გაცილებით მოთხოვნადი ხდება რუსეთში, ვიდრე აქამდე ყოფილა.