20.მაისი .2022 11:05

რუსეთში McDonald’s-ის ბიზნესს მილიარდერი ალექსანდრ გოვორი ყიდულობს

რუსეთში McDonald’s-ის ბიზნესს მილიარდერი ალექსანდრ გოვორი ყიდულობს
views 3569
უკან

სტუმარმასპინძლობის და კვების ინდუსტრიის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია McDonald’s-ი რუსეთის ბაზრიდან საბოლოოდ გადის. McDonald’ს-ის ბიზნესს და აქტივებს ციმბირელი ნავთობ-მაგნატი, ალექსანდრ გოვორი ყიდულობს.

CNBC-ის ცნობით, გოვორსა და კომპანიის წარმომადგენლობას შორის შეთანხმება უკვე შედგა, რომლის მიხედვით, რუსი მილიარდერი McDonald’s-ის ობიექტებში განაგრძობს სარესტორნო საქმიანობას, თუმცა ახალი ბრენდის ქვეშ, რომელსაც არ ექნება ამერიკული კომპანიის სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლება.

გარდა ამისა, გოვორი თანახმაა, რომ McDonald’s-ის ქსელში დასაქმებულ თანამშრომლებს სამუშაო ადგილები არანაკლებ ორი წლით შეუნარჩუნოს.

გარიგების ღირებულების მოცულობა მხარეების მიერ არ გასაჯაროებულა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ McDonald’s-ის წარმომადგენლობა 850 რესტორნისა და ბიზნესის სანაცვლოდ, დაახლოებით, 1.2 – 1.4 მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობდა.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრ გოვორმა ციმბირში McDonald’s-ის 25 ობიექტის გახსნის ლიცენზია ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღო და ის წლების განმავლობაში აქტიურად იყო დაინტერესებული სარესტორნო ბიზნესის გაფართოებით.

McDonald’s-მა რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში მიიღო, რუსეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება კი, ცხადია, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას უკავშირდება.

ცნობისთვის, McDonald’s-ის პირველი რესტორანი მოსკოვში 1989 წელს გაიხსნა, მას შემდეგ კი რესტორნების ქსელი რუსეთში სწრაფი ტემპით განვითარდა, რაც დიდი მოთხოვნითა და მოქალაქეების მხრიდან ინტერესის მაღალი დონით იყო განპირობებული.