მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში საქართველოს ექსპორტმა 32%-ით იკლო – რა საქონელზე აისახა შემცირება?

5e9f2ba369d85
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.20 21:19
2009
2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში $91.2 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 32.6%-ით ნაკლები იყო. ამ მაჩვენებლით რუსეთის ფედერაციამ მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის და ჩინეთის შემდგომ მესამე ადგილი დაიკავა (წილი მთლიან ექსპორტში - 11.7%).

რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ იანვარ-მარტის განმავლობაში რუსეთიდან 9.7%-ით უფრო მეტი - $210.1 მილიონის ღირებულების საქონელი შეიძინა. ამ შედეგით, რუსეთმა მთლიან იმპორტში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, რუსეთში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს ალკოჰოლური სასმელები წარმოადგენს. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ხუთეული ასეთია:

1) ყურძნის ნატურალური ღვინოები - $26.3 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 19%;
2) ფეროშენადნობები - $23.9 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 38%;
3) მინერალური და მტკნარი წყლები - $10.6 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 30%;
4) სპირტიანი სასმელები - $7 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 8%;
5) მსუბუქი ავტომობილები - $3.9 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 143%.

რაც შეეხება რუსეთიდან უმსხვილეს საიმპორტო საქონელს, მისი სია ასეთია:

1) ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $35.5 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 7.8%;
2) ხორბალი და მესლინი - $19.7 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 24%;
3) ნავთობის აირები (ბუნებრივი აირი) - $18.3 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 140%;
4) ელექტროენერგია - $8 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 700%;
5) სატელეფონო აპარატები - $7.8 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 41%.

კონკრეტულად ხორბლის იმპორტის თვალსაზრისით საქართველო 90%-ზე მეტად რუსეთის ფედერაციაზე არის დამოკიდებული. COVID-19-იდან გამომდინარე დაწესებული საექსპორტო შეზღუდვებიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რუსული იმპორტი სხვა ქვეყანამ ჩაანაცვლოს.