მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის თემა ვახსენეთ – აბაშიძე–კარასინის შეხვედრის დეტალები

619f49680c75f
მარიამ ვარადაშვილი
25.11.21 18:33
1128
გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს შეხვდა.

რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმადვე, საუბარი ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო როგორებიც არის სავაჭრო ბრუნვა, ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობის საკითხს და სხვა.

BMG-მ ზურაბ აბაშიძეს ჰკითხა, კარასინთან შეხვედრაზე თუ ისაუბრეს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რომელიც 2019 წლიდან რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეჩერებულია. აბაშიძე გვეუბნება, რომ შეხვედრაზე ეს თემა ნახსენები იყო, თუმცა სავარაოდო თარიღი, როდის შეიძლება აღდგეს ავიამიმოსვლა, არ დასახელებულა. მისივე თქმით, ფრენების საკითხი თავად კარასინმა ახსენა. პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენლემა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავის მხრივ საქართველო მზად არის, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დასაწყებად.

“ეს თემა ვახსენეთ და ითქვა, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, დავუბრუნდებით ამ თემის უფრო პრაქტიკულ ჭრილში განხილვას. კონკრეტული თარიღი არ თქმულა. საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა რუსეთში, “ლოქდაუნიც” იყო გამოცხადებული. ვსაუბრობდით ზოგადად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, განვიხილეთ სტატისტიკა, სატრანსპორტო გადაზიდვებში როგორი დინამიკაა და საავიაციოსაც რომ შევეხეთ, მან თქვა, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშულებას მოგცემს, დავუბრუნდებით ამ საკითხის უფრო არსებითად განხილვას”,-აცხადებს აბაშიძე.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება.

“საბაჟო გამშვებ პუნქტზე დღეს ვითარება ასეთი გახლავთ, რომ რუსეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, საკმაოდ მასშტაბური. ჩვენს მხარესაც შენდება საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც 2024 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია რომ სატვირთო ბრუნვა პრობლემების გარეშე წარიმართოს. ჩვენ ეს საკითხი ამ ჭრილში განვიხილეთ. რამდენადაც მე ვიცი რუსეთის მხარეს სამუშაოები მომავალი წლის ბოლოს უნდა დასრულდეს”,-აცხადებს აბაშიძე.