მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას ეიფორიით არ უნდა შევხვდეთ”- კახა სამყურაშვილი

6102c8a343cab
ანუკა ჯოხაძე
29.07.21 21:00
731
რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზაობას გამოთქვამს - შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა გააკეთა. კარასინს კონკრეტული თარიღის დასახელება გაუჭირდა, თუმცა აანონსებს, რომ მორიგი შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბერშია ჩანიშნული, სადაც წესით უფრო მეტი დეტალი უნდა გახდეს ცნობილი. კარასინის განცხადების გავრცელების შემდეგ ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხი bm.ge-თან დაადასტურა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემაც.

Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ ავიასანქციების შემოღებამდე ტურიზმისგან მიღებულ შემოსავლებში რუსეთს 22% ეჭირა.

მისი თქმით, ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ ბაზრების დივერსიფიცირება მოხდა. სექტორმა ახალი ბაზრების ათვისება მოახერხა. სამყურაშვილის განმარტებით, ეს გეზი უნდა შენარჩუნდეს და ტურიზმი, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.

“2019 წელს რუსი ტურისტების დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში 22% იყო. ანუ  ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით მეხუთედი რუსეთზე მოდიოდა. ავიამიმოსვლაზე აკრძალვა რომ არ ყოფილიყო, ისე სწრაფად იზრდებოდა ეს რიცხვები, რომ ალბათ 25%-საც მიაღწევდა. თავიდან მიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ შოკური პერიოდი იყო, შემდეგ კი უკვე ალტერნატიულ გზებზე გადაერთნენ რუსი ტურისტები.

სახმელეთო და ტრანზიტული გზებით შემოდიოდნენ ქვეყანაში. 2019 წლის ბოლოსთვის ბაზარმა რეალურად ადაპტაცია მოახდინა. ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენას ეიფორიით არ უნდა შევხვდეთ, რა თქმა უნდა, კარგია რომ მეტი ტურისტი შემოვა საქართველოში, მითუმეტეს ასეთ რთულ დროს, მაგრამ ისევ იმ ტენდენციას არ უნდა წავყვეთ, რომ რუს ტურისტებზე გახდეს ტურიზმის ბაზარი ჩამოკიდებული. ის გეზი, რაც ავიღეთ 2019 წლის ივლისიდან, რომ რაც შეიძლება მეტად მოვახდინოთ დივერსიფიცირება და რაც შეიძლება მეტად მოვიზიდოთ სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორები, უნდა გაგრძელდეს", - აცხადებს Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი.