24.იანვარი .2023 17:36

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ - კასიანოვი

რუსეთთან ფრენების აღდგენის შემთხვევაში, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას არ გამოვრიცხავთ - კასიანოვი
views 1861
უკან

საქართველოში უკრაინის საელჩო საქართველო-რუსეთის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებში, უკრაინელებისთვის რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოსვლით შექმნილი საფრთხის შემთხვევაში, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ისაუბრა.

„პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების გაზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეისთვის საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებას, რათა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების გაწევის შესაძლებლობა განიხილონ.

თუმცა ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იმ შემთხვევაში, თუ მათი ცხოვრებას და უსაფრთხოებას რეალურად შეექმნება საფრთხე. ხელდაკრეფილი ჯდომას არ ვაპირებთ.

ჩვენ ვიმუშავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ და მათი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია“, - განმარტა დიპლომატმა.

კასიანოვმა აღნიშნა, რომ რუსების ანომალური შემოდინების გამო საქართველოში უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე, უკრაინის საელჩო ქვეყანაში უკრაინელების სამშობლოში დაბრუნებას ხელს უწყობს.

„ახლა ჩვენ უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება, სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას განვიხილავთ. ამასთან, ყველაზე ოპტიმალურად სახმელეთო ტრანსპორტი მიგვაჩნია“, - აღნიშნა კასიანოვმა.

ცნობისთვის: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგებოდა.