მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ზრდა საშიშია ჩვენი ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“ - ანალიტიკოსი

6473170b2bce2
სალომე ხიდურელი
28.05.23 16:30
599
„კლასიკური მანიპულაციაა, რიცხვებს სწორად ასახელებს, მაგრამ მოწყვეტილია კონტექსტს“ - ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, შარშან ევროკავშირი-რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის $300 მილიარდი შეადგინა. ნამჩავაძის განმარტებით, ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობა, დაახლოებით, 4-ჯერ აქვს შემცირებული.

„თუ დავაკვირდებით მის მთლიან ტექსტს, რომ „ევროკავშირი ისევ ვაჭრობს რუსეთთან“ და ა.შ. ჯამში ეს ანტიდასავლური რიტორიკაა. ევროკავშირი გამოდის ბოროტი სახელმწიფო, რომელიც ფულს შოულობს რუსეთთან ვაჭრობით და ამ პატარა საქართველოს აწვება რომ თქვენ არ ივაჭროთ, ქვეყანას, რომელიც ამ წუთას უფრო საფრთხის წინაშეა, ვიდრე - ევროკავშირი.

პირველ რიგში ეს იმიტომაა ტყუილი მანიპულირება, რომ არც ევროკავშირს, არც ნატოს, არც ამერიკას, არავის არასდროს უთქვამს, შეწყვიტეთ ვაჭრობა რუსეთთანო, ასეთი განცხადება ბუნებაში არ არსებობს. ის რომ ევროკავშირს დღემდე აქვს მილიარდობით ევროს ვაჭრობა - გასაგებია, ტრილიონიანი ეკონომიკაა და ზოგი ქვეყანა რაღაც პროდუქტებით ვაჭრობს. მაგრამ თუ ჩვენ შევხედავთ რიცხვებს, შარშან ამ დროს თუ სულ ცოტა 15 მილიარდს იღებდა რუსეთი ევროკავშირში ექსპორტიდან შემოსავალს, ეს არის ჩამოსული 4 მილიარდზე და კიდევ მცირდება“, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.

Eurostat-ის და საქსტატის სტატისტიკაზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოში 1.3-ჯერ გაიზარდა. ანალიტიკოსის განცხადებით, მსგავსი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ბერკეტს უქმნის.

„რუსეთთან ჩვენი სავაჭრო ბრუნვის ზრდა არის საშიში ჩვენი უსაფრთხოებისთვის, არა მარტო ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, რადგან შესაძლოა, ეს ბაზარი დავკარგოთ და რუსეთმა კრიზის გამო ვეღარ იყიდოს ჩვენი პროდუქცია, ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც საშიშია - ბერკეტია, რომ ჩვენს დასასჯელად გამოიყენონ“, - ამბობს ბესო ნამჩავაძე.