მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთან არის კავშირში - ანრი ოხანაშვილი

62eb8229d49f4
BM.GE
04.08.22 12:26
1742
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა ომში ჩართვასთან არის კავშირში. ასე უპასუხა მან კითხვას, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ფონზე სავიზო რეჟიმის დაწესებას შეეხებოდა.

"ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს 24 საათის რეჟიმში და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხები, რაც არის დაკავშირებული სავიზო რეჟიმთან, გასაგებია რა ხაზია და რა ინტერესს ემსახურება. სავიზო რეჟიმი მოხსნა სააკაშვილმა, ეს რომ ასე არ მომხდარიყო, კონკრეტულ მოცემულობაში მივიღებდით შესაბამის გადაწყვეტილებას, თუმცა ახლა საუბარია იმაზე, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს შეუქმნის საფრთხეს.

ჩვენ ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და არა მცირე მოკლესვლიანი პოლიტიკური ნაბიჯებისთვის, რომელიც ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების მხრიდან არის შემოტანილი. არავის სხვა ინტერესი არ გააჩნია. ქვეყანაში სურთ დესტაბილიზაცია იყოს და ომში ჩაერთოს ქვეყანა, ყველა კონკრეტული შემოთავაზება ემსახურება ამ ინტერესს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კითხვაზე, სავიზო რეჟიმის მოთხოვნა რა კავშირშია ომში ჩართვასთან, ოხანაშვილი პასუხობს, რომ "ძალიან ბევრ და ძალიან დიდ კავშირშია".

საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხმა სიმწვავე მას შემდეგ შეიძინა რაც რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა დრამატულად გაიზარდა და მათი ნაკადები ყოველგავრი კონტროლის მიღმაა.

ლელოში თვლიან, რომ ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც უკრაინაში რუსეთი შეჭრისა და მიმიდინარე საომარი მოქმედებების ფონზე გაიზარდა. მათი შეფასებით, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი. კერძოდ, შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებისათვის; დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე; 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის მოხდეს ვიზების გაცემა, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით“.