მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა. მთავრობა ამას წარმატებად განიხილავდა - ლეჟავა

622b8696844ed
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.22 22:00
1177
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი ვატო ლეჟავა აღნიშნავს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოება ყოველთვის შეიცავს მნიშვნელოვან ეკონომიკურ რისკებს. მისი თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში სწორედ ამ რისკების გაზრდა მოხდა, რასაც საქართველოს მთავრობა ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებად განიხილავდა.

“გავიხსენებდი კახა ბენდუქიძის რეაქციას, როდესაც 2006 წლის რუსეთის მხრიდან საქართველოზე ემბარგოს დროს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - რა პოტენციალს ხედავს რუსეთის ეკონომიკაში... მისი პასუხი იყო, რომ რუსეთის ეკონომიკას უნდა შევხედოთ როგორც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს. ახლა ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება ან არ შეიძლება, ან საშუალოვადიან პერსპექტივაში არის ძალიან წამგებიანი.

უკანასკნელ წლებში გაგვეზარდა ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე და ეს ითვლებოდა ეკონომიკურ წარმატებად, დღეს მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შესაძლო მცირე დანაკარგებით გამოვიდეთ რუსეთიდან.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ღია ეკონომიკის მშენებლობა, თუმცა ამისთვის მთავარი გამოწვევაა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა. მართალია, დაბალი გადასახადები მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი სამართლიანი სასამართლო არ გვექნა, ჩვენი საინვესტიციო გარემოს წინსვლა არ მოხდება. ამიტომ ინვესტიციები და საკუთრება უნდა იყოს დაცული, მაშინ ჩვენ დიდ გარღვევას მოვახდენთ ამ მიმართულებაში", - განაცხადა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში ვატო ლეჟავამ.

2021 წლის მდგომარეობით, რუსეთი საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წელს 38%-ით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში და მან $610 მილიონს მიაღწია.

რუსეთში საქართველოს ტოპ 5 საექსპორტო საქონელი ასე ნაწილდება:

1. ფეროშენადნობები - 171.8 მლნ დოლარი, 104 795 ტონა;
2. ღვინოები - 130.7 მლნ დოლარი, 47 357 ტონა;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 60.9 მლნ დოლარი, 107 429 ტონა;
4. სპირტიანი სასმელები - 41.2 მლნ დოლარი, 9 903 ტონა;
5. ხილი - 26.7 მლნ დოლარი, 25 911 ტონა.

რუსეთიდან ტოპ 5 საიმპორტო საქონელი ასეთია:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 134.6 მლნ დოლარი, 224 705 ტონა;
2. ბუნებრივი აირი - 96.9 მლნ დოლარი, 319 181 ტონა;
3. ხორბალი და მესლინი - 87.4 მლნ დოლარი, 337 694 ტონა;
4. მზესუმზირის ზეთი - 41.6 მლნ დოლარი, 28 350 ტონა;
5. სატელეფონო აპარატები - 37.3 მლნ დოლარი.