მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსი ტურისტებისგან $117 მლნ დაგვაკლდა" - მთავრობა $350 მლნ-იან დანაკლისზე შეცდომას აღიარებს

5db6f506ee948
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.19 19:27
7296
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 26 ოქტომბერს, ზუგდიდში სტუმრობისას განაცხადა, რომ "ივლისში რეისების გაუქმების გამო ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით, 350 მილიონი დოლარი დააკლდა". 

ამჟამად პრემიერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Gov.ge-ზე ეს განცხადება უკვე აღებულია და ის განსხვავებული ციტატით არის ჩანაცვლებული, სადაც აშშ დოლარი - ლარით, ქვეყნის ბიუჯეტი კი, ეკონომიკით არის ჩანაცვლებული - "ივლისში რეისების გაუქმების გამო ეკონომიკას დაახლოებით 350 მილიონი ლარი დააკლდა. 

bm.ge-ისთვის უცნობია, გიორგი გახარიამ დაუშვა შეცდომა, თუ პრეს-სამსახურმა გაავრცელა მისი განცხადება შეცდომით, მაგრამ ფაქტია, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური პრეს-რელიზი დააკორექტირა. 

თემასთან დაკავშირებით, BM.ge პრემიერის ეკონომიკურ მრჩეველს ბექა ლილუაშვილსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის მხრიდან დანაკლისი $117 მილიონ დოლარს ანუ დაახლოებით, 350 მილიონ ლარს შეადგენს.

“ეს არის ჯამში. მე ვსაუბრობდი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე. ჯამში, 3 თვეში, მხოლოდ რუსეთიდან შემცირდა $117 მილიონი დოლარით შემოსავალი. სხვა ქვეყნებმა კი, დააბალანსეს ეს კლება. ჩვენ ქვეყნების მიხედვითაც გვაქვს ჩაშლილი, რაც არ ქვეყნდება. რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა არის ბევრად შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ თავად ერთი რუსი ვიზიტორის ვიზიტი მაღალ დანახარჯებს არ უკავშირდება, დიდი რაოდენობის გამო ჯამურად  ეს თანხა დაგენენრირდა", - ამბობს bm.ge-ისთან საუბარში ბექა ლილუაშვილი. 

რამდენი მილიონის დანაკლისი განიცადა ეკონომიკამ ავიასანქციების გამო?

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველომ ივლის-სექტემბრის მონაკვეთში რეკორდული რაოდენობის - 3,375,116 ვიზიტორი მიიღო. ეს წინა წელთან შედარებით 4.6%-ით მეტია. კონკრეტულად რუსი ვიზიტორების რაოდენობა, 2018 წელთან მიმართებით - 68,343-ით ნაკლები, ხოლო მთლიანად სხვა ქვეყნების ვიზიტორთა რაოდენობა 148,700-ით მეტია.

რამდენი იყო ამ ვიზიტორში ტურისტი?

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურისტად განიხილება ის ვიზიტორი, რომელიც საქართველოში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში რჩება. ავიასანქციების ამოქმედების შემდეგ (ივლის-სექტემბრის მონაკვეთში) საქართველოში 1,863,654 ტურისტი დარჩა, ეს 2018 წელთან შედარებით, 1.3%-ით მეტია.

თუმცა, ამ ზრდის მიუხედავად, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელთან შედარებით, ტურიზმის სექტორის შემოსავალი შემცირებულია. სებ-ი ტურიზმის შემოსავლებს მრავალ ფაქტორზე დაყრდნობით ითვლის, მათ შორისაა ქვეყნების მიხედვით ვიზიტორთა საშუალო დანახარჯები, ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობა, ტრანსპორტის ტიპი, რომლითაც საქართველოში ვიზიტორები შემოდიან (ავიატრანსპორტით შემოსული ვიზიტორები საშუალოდ ბევრად მეტს ხარჯავენ, ვიდრე ავტოტრანსპორტით შემოსულები) და სხვა ფაქტორები. ამ ფაქტორთა ერთობლიობით, სებ-ის მიერ დათვლილი შემოსავალი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან (იანვარი-სექტემბერი) შედარებით უფრო ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის სექტემბრის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან $318.6 მილიონი გამოიმუშავა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით $16.5 მილიონით ნაკლებია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ეროვნულმა ბანკმა სექტემბრის ტურისტული შემოსავლის გამოქვეყნებასთან ერთად კორექტირება გაუკეთა ივლისის და აგვისტოს მაჩვენებლებს. ეროვნული ბანკის განახლებული შეფასების მიხედვით, ივლისსა და აგვისტოში ქვეყნის ტურისტულმა სექტორმა $808.2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს თანხა ეროვნული ბანკის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ შეფასებასთან შედარებით $37.4 მილიონი დოლარით მეტია. ხელახალი კალკულაცია აჩვენებს, რომ თავდაპირველად ეროვნული ბანკის შეფასება რუსული ავიასანქციების ეკონომიკური ეფექტის შესახებ გარკვეულწილად გადაჭარბებული იყო.

ჯამურად, ივლის-სექტემბრის მონაკვეთში საქართველომ ტურიზმიდან $1.126 მილიარდი მიიღო, რაც 2018 წელთან შედარებით $83.7 მილიონით (248 მილიონი ლარით) ნაკლებია.

თუ დავუშვებთ, რომ ამ თანხიდან საშუალოდ 20%-25% საქართველოში გადასახადებს მოხმარდებოდა (ტურისტების მიერ დახარჯულ თანხაზე, მათ შორის ავიაბილეთებზე დღგ, მათ მიერ შეძენილი პროდუქტის აქციზის გადასახადი, ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადი და სხვა) მაშინ გამოვა, რომ საქართველოს ბიუჯეტმა ივლის-სექტემბრის მონაკვეთში 2018 წელთან მიმართებით, ტურიზმის სექტორიდან 62 მილიონი ლარით ანუ $21 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.