21.სექტემბერი .2020 19:38

რუსლან ხოროშვილი: მზა ფორმულა, რომელიც სწრაფად გაამყარებს ლარს, არ არსებობს

views 371
უკან

ლარი დღესაც გაუფასურდა. ხვალისთვის 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარია. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა ბოლო $40-მილიონიანი ინტერვენცია 16 სექტემბერს განახორციელა. ჯამურად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება, თუმცა მსგავსი „ანონსების“ მიუხედავად, ბაზარი არ მშვიდდება და ლარი გაუფასურებას აგრძელებს. შესაბამისად, ყველაზე ხშირად ისმის კითხვა - რა სჭირს ეროვნულ ვალუტას და როგორ შეიძლება მისი გამყარება თუ არა, მინიმუმ გაუფასურების შეჩერება.

EY საქართველოს მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში საერთაშორისო რეზერვების გაყიდვა არაეფექტურია, თუმცა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი რყევების თავიდან ასაცილებლად სებ-ს სხვა გზა არ აქვს.

„ეროვნული ვალუტა ექვემდებარება მოთხოვნა-მიწოდების ძალებს. ეს ყველაფერი აისახება ლარის კურსზე. კურსზე აისახება თურქეთის ვალუტებთან მიმართებაში მიმდინარე პროცესები, აისახება ასევე ის, რაც ხდება რეგიონში. ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოახდინოს სავალუტო ინტერვენციები, მაგრამ ეს არის დროებითი ცვლილებები და არავის შეუძლია მეტი გათვლის გაკეთება. ინტერვენციები ძალიან ცუდია, რადგან ეს არის არაეფექტურად დახარჯული ფული, თუმცა ვფიქრობ, სებ-ი თავისი გათვლების გათვალისწინებით დგამს ამ ნაბიჯებს.

ზოგადად, ინტერვენციებით კურსის მნიშვნელოვანი კორექცია ხელოვნურად შეუძლებელია. ეროვნული ბანკი ანგარიშობს და აკეთებს ინტერვენციას მხოლოდ და მხოლოდ დროებითი, მაღალი რყევების გასანეიტრალებლად. სხვა რესურსი არ აქვს და არც იმის შესაძლებლობა გვაქვს საქართველოში, რომ კურსის დაჭერა მოვახდინოთ, არც უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს გადაყრილი ფულია, თუმცა მცირე ოდენობით ინტერვენციების განხორციელება ალბათ საჭიროა, რადგან დიდი რყევები თავიდან იქნას აცილებული“, - განაცხადა რუსლან ხოროშვილმა.

ფინანსისტი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კურსის გასამყარებლად ბევრი ფაქტორია საჭირო და მზა ფორმულა, რომელიც სწრაფად გაამყარებს ლარს, არ არსებობს.

„საჭიროა, ნაბიჯების გადადგმა გრძელვადიანი პერსპექტივით. კანონის დაწერა და ამ კანონის აღსრულება ლარის კურსს ვერ დაიჭერს, ქონების მართვა უნდა იყოს სწორი, სასამართლო სისტემა მოწესრიგებული და ა.შ.” - ამბობს რუსლან ხოროშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა