მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს არასრული 180 დღე იმისთვის, რომ საქმე 180 გრადუსით შევატრიალოთ" - ვანო ჩხიკვაძე EU-ზე

62af69171658f
BM.GE
19.06.22 22:06
1142
ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი" ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკომისიის მიერ დასახულ წინაპირობებზე დაუყოვნებლივი წინსვლა ესაჭიროება, ვინაიდან ინტეგრაციის პროცესში უკრაინა-მოლდოვასთან ჩამორჩენის გაზრდის შემთხვევაში, საქართველოს პერსპექტივამ EU-ში გაწევრიანებაზე კიდევ უფრო შორეულ მომავალში გადაინაცვლოს.

"ამ წლის ბოლოს ევროკომისია შეაფასებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინას და მოლდოვასაც. დიდი ალბათობით არც ერთი და არც მეორე ქვეყანა მიღწეული (კანდიდატის სტატუსით) გამარჯვებით არ დაკმაყოფილდება და ყველაფერს იზამს, რომ ევროკავშირთან შემდეგ ეტაპზე გადავიდეს ანუ გაწევრების მოლაპარაკები დაიწყოს. თუ მათ ეს შეძლეს, ჩვენ კი მოცემულ 12 პუნქტზე პროგრესი ვერ ვაჩვენეთ და კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ჩვენსა და მოლდოვა-უკრაინას შორის ევროინტეგრაციის გზაზე ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება.

მომავალი წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის როტაციულ პრეზიდენტობას შვედეთი იღებს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი შემქმნელი და ტრადიციულად გაფართოების მხარდამჭერი ქვეყანაა. ამის მერე იწყება ახალი ტრიოს პრეზიდენტობა (ესპანეთი 2023 II ნახევარი, ბელგია 2024 წლის I ნახევარი და უნგრეთი 2024 წლის II ნახევარი), რომლებიც ჩვენი რეგიონისკენ ნაკლებად იყურებიან.

2024 წელს ევროკავშირი შიდა საქმეებზე უფრო გადაერთვება. ამ წელს ახალი ევროპარლამენტის არჩევნებია, ასევე მოქმედ ევროკომისიას ვადა ეწურება. არავინ იცის ამ ინსტიტუციებში ვინ მოვა და მათ რა პრიორიტეტები ექნებათ. შესაბამისად დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. თუ ტრიოს ფორმატმა აზრი სრულად დაკარგა (და ტრიოს შექმნას საქართველო სწორედ იმიტომ ცდილობდა, რომ გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნებს დაკავშირებოდა) და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირი როგორც წესი რეგიონული გაფართოების მომხრეა, უკრაინა-მოლდოვასთან ჩამორჩენის შემთხვევაში შეიძლება მოგვიწიოს სომხეთ-აზერბაიჯანს ან თურქეთის ევროკავშირისკენ წასვლას დაველოდოთ. ეს რამდენად შესაძლებელია ან როდის მოხდება ძნელი სათქმელია.

ასე რომ დრო ახლა ევროკავშირში გაწევრების პროცესში ჩვენ მოკავშირედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება. არათუ თითოეულ დღეს, თითოეულ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გვაქვს არასრული 180 დღე იმისთვის, რომ საქმე 180 გრადუსით შევატრიალოთ.

ევროკავშირის გაფართოების ამბავს ვინც თვალს ადევნებს ყველამ იცის, რომ მსგავსი შესაძლებლობის ფანჯარა ათწლეულებში ერთხელ იხსნება. როდის გაიხსნება კიდევ მსგავსი შესაძლებლობა და იქნება თუ არა იგი საერთოდ არავინ იცის,"- წერს ვანო ჩხიკვაძე.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად?