მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჭარბი მუშახელი, არაეფექტიანობა, ჭარბვალიანობა”- ADB საქართველოს სარკინიგზო რეფორმის აუცილებლობაზე

627e5a9342dee
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.22 19:50
5222
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს სარკინიგზო სექტორის რეფორმის პროექტის შემუშავებას გეგმავს. ამის შესახებ ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის აღწერაშია ნათქვამი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ADB გეგმავს დაიქირავოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სარკინიგზო სექტორის რეფორმის კონცეფციაზე იმუშავებს.

ამასთანავე, ADB-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზისთვის რეფორმირების და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტზე საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც (AFD) მუშაობს. თავად ADB-ის პროექტის ბიუჯეტი 275,000 დოლარს შეადგენს და მის ფარგლებში ექსპერტებმა სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებაზე 2023 წლამდე უნდა იმუშაონ.

ADB-ის მიერ გამოქვეყნებულ ტექნიკური მხარდაჭერის დოკუმენტში საუბარია იმ გამოწვევებზე, რაც საქართველოს სარკინიგზო სექტორში არსებობს. მათ შორის ADB აღნიშნავს ევროკავშირის რეგულირებასთან დაახლოების აუცილებლობას, ასევე ხაზგასმულია ფაქტი, რომ საქართველოს რკინიგზის საშტატო შემადგენლობა არის საჭიროზე დიდი, რომ კომპანია საოპერაციო თვალსაზრისით არაეფექტიანია და მას ისტორიული ჭარბვალიანობა აქვს. სწორედ ამ ფონზე უნდა მოამზადოს ექსპერტთა ჯგუფმა სარკინიგზო სექტორის რეფორმის სტრატეგია.

“პროგრამა იქნება თანხვედრაში საქართველოს განვითარების ძირითად მიზნებთან, რაც საჯარო ფინანსების მართვის განმტკიცებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას გულისხმობს. რეფორმირების შედეგი უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზის ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობას და სარკინიგზო გადაზიდვების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, საქართველოს სატვირთო გადატანების ბაზრისთვის და სამგზავრო გადაყვანების განხორციელების გაუმჯობესებას, რაც კომპანიის საჯარო სერვისის ვალდებულებაა", - ნათქვამია ADB-ის დოკუმენტში.

ADB-ის ტექნიკური დოკუმენტი ასევე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს რკინიგზას აქვს კაპიტალის ნაკლებობა იმისთვის, რათა დააფინანსოს სხვადასხვა პროექტი, რაც კომპანიის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

“საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო რკინიგზასთან დაკავშირებით შემდეგი გამოწვევების წინაშე დგანან:

● საჭირო ინვესტიციების განხორციელების, ან სატვირთო და სამგზავრო მომსახურების საშუალოვადიანი კომერციულად წარმატებული სტრატეგიების განხორციელების შესაძლებლობის ნაკლებობა;
● არარენტაბელურობა და ახალი ვალის აღების შესაძლებლობის ნაკლებობა, რასაც ემატება ევრობონდების პერიოდული რეფინანსირების რისკი, შესაბამისად ახალი ვალი რეფინანსირებაზეა ორიენტირებული, რაც ახალ პროექტებში ინვესტირებისთვის საჭირო სივრცეს ავიწროვებს;
● ხარჯების მაღალი სტრუქტურა, რომელიც არ იძლევა მოდერნიზაციისა და გაუმჯობესების საშულებას და საქართველოს რკინიგზის დაბალი საბაზრო წილი ტრანზიტისა და ადგილობრივი გადაზიდვის ბიზნესში, განაპირობებს მაღალ საშუალო ფასებს."

ADB-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პროექტი სარკინიგზო სექტორში არსებული სირთულეების და პრობლემების გამომწვევი მიზეზებისთვის პასუხის გაცემას შეეცდება.

ეს მიზეზებია:

“(i) სექტორის საერთო სტრატეგიის, ასევე სამართლებრივი და რეგულატორული ჩარჩოს არარსებობა;
(ii) ისტორიული ჭარბვალიანობა და სახელმწიფოს ნულოვანი ფისკალური მხარდაჭერა სამგზავრო გადაყვანების ზარალიანი სფეროს, ან სტრატეგიული აქტივების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით;
(iii) საოპერაციო არაეფექტიანობა და სამუშაო ძალის სიჭარბის ისტორიული პრობლემა;
(iv) სატრანსპორტო პოლიტიკის არარსებობა, რამაც სარკინიგზო და საგზაო სატვირთო გადაზიდვებს შორის თანაბარი მიდგომა უნდა უზრუნველყოს.”

"საქართველოს რკინიგზის" 100%-იანი წილი "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ 100%-ით საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის. კომპანიის 2021 წლის სრული ანგარიში ჯეჯრერობით გამოქვეყნებული არაა, თუმცა 2021 წლის 9 თვეში კომპანია 11 მილიონი ლარის მოგებაზე იყო.