მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთში ექსპორტი 147%-ით გაიზარდა - რით ვვაჭრობთ #8 საექსპორტო ქვეყანასთან?

63d3873b7a71f
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.23 13:00
714
2022 წელს ქვეყნის გაზრდილი ექსპორტის პირობებში საქონლის რეალიზაციის მაჩვენებელი ყაზახეთის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლიურ ჭრილში ყაზახეთიდან ექსპორტით ქვეყანამ 238 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 147%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ყაზახეთი 4.3%-იანი წილით უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში მერვე ადგილზე მოხვდა.

აღსანიშნია, რომ გასულ წელს 136%-ით გაიზარდა საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვა, რომელიც ჯამში 274 მილიონ 564 ათას დოლარს შეადგენს. სტატისტიკიდან ჩანს, რომ სავაჭრო კავშირებში მთავარი წილი 86.7% ექსპორტს უკავია, დანარჩენი - 13.3% კი იმპორტს უკავია. შესაბამისად, საქართველოს ყაზახეთთან სავაჭრო სალდო დადებითი აქვს.

საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულები მთავარი საექსპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, რაც სრულად რეექსპორტს მიეკუთვნება. საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების გატანის რიცხვები 2021 წელთან შედარებით თითქმის 5-ჯერაა გაზრდილი. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიგარების და სიგარილების და ასევე გაორმაგდა მინერალური წყლების ექსპორტი.

TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 104.4 მლნ დოლარი;
2. სიგარები, სიგარილები - 41.7 მლნ დოლარი, 2 884 ტონა;
3. მინერალური და მტკნარი წყლები - 24 მლნ დოლარი, 40 138 ტონა;
4. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა - 14.5 მლნ დოლარი, 7 508 ტონა;
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 10 მლნ დოლარი, 3 788 ტონა;
6. დაგაზიანებული მინერალური წყლები შაქრის დანამატებით - 5.3 მლნ დოლარი, 8 775 ტონა;
7. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 3.4 მლნ დოლარი, 496 ტონა;
8. მანგანუმის მადნები და კონცენტრატები - 3.1 მლნ დოლარი, 9 240 ტონა;
9. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 3 მლნ დოლარი, 61 ტონა;
10. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 2.8 მლნ დოლარი, 1 936 ტონა;

2022 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ყაზახეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 36 მილიონ 391 ათასი დოლარი გავიდა, რაც 2021 წლის იმპორტს 80.5%-ით აღემატება.

იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეულში კი შემდეგი საქონელი შევიდა:

1. ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ნაგლინი - 5.8 მლნ დოლარი, 5 699 ტონა;
2. ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი - 4.1 მლნ დოლარი, 10 130 ტონა;
3. ნახშირბადიანი ფოლადის ბრტყელი ცხელი ნაგლინი - 2 მლნ დოლარი, 3 235 ტონა;
4. აზოტის, ფოსფორის და კალიუმიანი სასუქები - 2 მლნ დოლარი, 2 614 ტონა;
5. პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 1.9 მლნ დოლარი, 1 348 ტონა;
6. შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები - 1.5 მლნ დოლარი, 529 ტონა;
7. აზოტოვანი სასუქები - 1.3 მლნ დოლარი, 1 438 ტონა;
8. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.3 მლნ დოლარი, 2 035 ტონა;
9. ხორბალი და მესლინი - 1.2 მლნ დოლარი, 3 703 ტონა;
10. საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - 749 ათასი დოლარი, 83 ტონა.

ამასთან აღსანიშნია, რომ ყაზახეთის ნავთობტრანსპორტიორი სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსოილის“ ინფორმაციით, გასულ წელს „ბათუმის ნავთობტერმინალის" მეშვეობით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა გაიზარდა და 1 მლნ 927 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 603 ათასი ტონით აღემატება.