მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებლად მოუწევს ამას რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია“ - გაუქმდება თუ არა „მწვანე პასპორტი“?

61f2f3267d08e
BM.GE
27.01.22 23:30
1404
„მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებაში - ამ საკითხს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება ე.წ. "მწვანე ბარათი" მთლიანად გაუქმდეს.

მისი თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ე.წ. მწვანე პასპორტის საკითხი გადაიხედება და მოხდება ანალიზი იმისა, რაც აქამდე იყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, „მწვანე პასპორტმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდა პირებში ვაქცინაციის თვალსაზრისით.

„ეს პერიოდი და ზოგადად, პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიურია, რომ ერთი ინტერვენცია, რომელიც თუნდაც ერთი ან ორი თვის წინ დაინერგა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა ამ „მწვანე საშვის“ კრიტერიუმი. ცუდია, რომ ჩვენს შემთხვევაში ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულებელყოფა და პირდაპირ ღიად აცხადებენ ზოგიერთი ბიზნესობიექტები, რომ „მწვანე საშვის“ მოთხოვნები მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არ არის კარგი და კარგს არაფერს მოიტანს, მაგრამ „მწვანე საშვმა“ მნიშვნელოვანი როლი ვაქცინაციის სტიმულირებაში ითამაშა, - ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ ვაქცინაციის სტიმულაცია, როგორც ხანდაზმულ პირებში, სადაც ამოქმედდა წახალისების პროგრამა, ასევე ახალგაზრდა პირებში „მწვანე საშვის“ ინტერესი არის შედარებით ახალგაზრდა სეგმენტში.

აუცილებლად მოუწევს ამას რევიზია, რადგან ზოგადად იცვლება სიტუაცია, „ომიკრონმა“ ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც განსხვავებული მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით და ანალიზის გაკეთება იმის, რაც აქამდე იყო. აქ მთავარი, რაც არის, რეგულაცია იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს ისეთი, რომ ამან ხელი შეუწყოს მის დანერგვას და არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
წყარო: IPN