მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საკითხები განიხილეს აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმზე, რომელსაც საქართველო მასპინძლობდა

5fbd04839f355
BM.GE
24.11.20 16:40
858
საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური DNS ფორუმი (EE DNS Forum 2020) გაიმართა, რომელიც რეგიონის მასშტაბით ინტერნეტ დომენებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებს შეეხო. ყოველწლიური ფორუმი მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) ორგანიზებითა და „კავკასუს ონლაინის“ როგორც .GE საქართველოს კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის მხარდაჭერით შედგა.

BMG ფორუმის მთავარი მიზნებისა და შედეგების შესახებ ICANN-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მიხაილ ანისიმოვს ესაუბრა. მისი თქმით, DNS კომპანიების მხრიდან კოვიდ პანდემიის პრიობებში უწყვეტი ფუნქციონირების გაგრძელებისთვის გადადგმული ნაბიჯები, ასევე ახალი ტექნოლოგიური სისტემების - 5G-ისა და IoT-ის ათვისების საკითხები ფორუმის მთავარი განსახილველი საკითხები იყო.

“ფორუმი ფარავს საკმაოდ ფართო სპექტრის საკითხებს. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი DNS ბაზრის არაერთი მოთამაშისთვის საკმაოდ რთული იყო. სწორედ ამიტომაც გვსურს განვიხილოთ ახალი მიდგომები და ახალი გადაწყვეტები, იმისთვის, რათა DNS ინდუსტრიამ მდგრადი განვითარება განაგრძოს. მაგალითად, დღეს განვიხილეთ თუ როგორი მიდგომები ჰქონდათ მათ იმისთვის, რათა პანდემიის მიუხედავად, განეგრძოთ უწყვეტი ფუნქციონირება.

ამას გარდა, განვიხილეთ თუ როგორ იცვლება ბაზარი, როგორ იცვლება ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ კიბერუსაფრთხოებისა და ტექნიკური საკითხების შესახებაც. ასევე რა როლი ექნება DNS-ს ინტერნეტის განახლებულ ეკოსისტემაში, 5G ქსელი, IoT (Internet of Things) თუ სხვა სისტემები სწორედ DNS-ის დახმარებით მოქმედებენ. შესაბამისად ეს არის საკმაოდ ფართო ფორმატის მქონე დისკუსია,”- განაცხადა მიხაილ ანისიმოვმა.

კითხვაზე თუ რა არის არსებულ ვითარებაში DNS ინდუსტრიის მთავარი გამოწვევები, მიხაილ ანისიმოვი პასუხობს, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხი კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც ICANN-ი მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

“კიბერუსაფრთხოება არ არის მხოლოდ ლოკალიზებული პრობლემა და ის ვერ იქნება ლოკალიზებული პრობლემა, რადგან აქტორები, რომელთაც ზიანის გამოწვევა სურთ გლობალურად არიან განაწილებული. ეს კი ნიშნავს, რომ ინტერნეტის საბაზისო ინფრასტრუქტურა თანაბრად მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, აქ ჩვენ გლობალურ საფრთხეებზე ვსუაბრობთ.

ჩვენ ICANN-ში საკმაოდ ბევრ დროს ვუთმობთ ამგვარი საფრთხეების წინააღმდეგ მუშაობას. ფიშინგი სწორედ ამის მაგალითია. მაგალითად, თქვენ ცდილობთ შეხვიდეთ ინტერნეტ ბანკში, თუმცა ამ დროს არის მცდელობა, რომ თქვენ მოტყუებით სხვა მისამართზე გადაგიყვანონ და თქვენი საბანკო მონაცემები მოიპარონ. DNS-ის უსაფრთხოებას ამ შემთხვევაში კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს,”- ამბობს მიხაილ ანისიმოვი.

აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმი ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით სრულად დისტანციური ფორმატით ჩატარდა.