მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს პროექტი აუცილებლად განხორციელდება“ - თბილისის მერი

5fe5e6beb3eba
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.20 17:25
796
საბაგიროს პროექტი აუცილებლად განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვისას დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„პროექტი უკვე დასრულებულია და გამოცხადებულია ტენდერი, რომ შევარჩიოთ თუ ვინ იქნება კომპანია, ვინც განახორციელებს ამ სამშენებლო სამუშაოებს. ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხოციელება და ყველას გვეამაყება, რომ ახალი საბაგიროს პროექტი გაალამაზებს თბილისს და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ პროექტით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად 7.4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტენდერის თანახმად, კომპანიამ საბაგირო გზის ინფრასტრუქტურა უნდა ააშენოს, რის შემდეგაც ადგილზე კომპანია Dopplemayr-ის კაბინები და კაბელები დამონტაჟდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ ტენდერში კომპანიებისგან წინადადებებს 13-18 იანვრის მონაკვეთში მიიღებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი, საბაგიროს პროექტი მომდევნო 15 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ცნობისთვის, მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მეტი ცვლილება რუსთაველის გამზირზე, საბაგიროს გაჩერების ადგილმდებარეობამ განიცადა, რომელიც თავდაპირველად სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა შემდგომში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა.