მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროზე ტენდერი არ შედგა

5fac21adee443
ანუკა ჯოხაძე
11.11.20 22:44
1512
რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროზე ტენდერი არ შედგა - აღნიშნული პროექტით არცერთი კომპანია დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამარტივებული შესყიდვა, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობას გულისხმობდა, 5 ოქტომბერს გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 6 401 770 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რუსთაველისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტის განხორციელება თავდაპირველად, 2012 წლის ივნისში გაფორმებული შეთანხმებით განისაზღვრა, თუმცა მას შემდეგ მისი ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა. ყველაზე მეტი ცვლილება რუსთაველის გამზირზე, საბაგიროს გაჩერების ადგილმდებარეობამ განიცადა, რომელიც თავდაპირველად სასტუმრო "რედისონის" მიმდებარედ განისაზღვრა. ტერიტორიის მიმდებარედ საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა, თუმცა შემდგომში დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით "რედისონის" ნაცვლად, საბაგიროს ბოლო გაჩერებად "მეცნიერებათა აკადემიის" შენობა განისაზღვრა.

წლების განმავლობაში რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის აღდგენა სასამართლო დავის მიზეზიც გახდა. კერძოდ მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია თბილისის მერიას ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უჩიოდა.

8 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი, თბილისის მერიას საბაგირო მთაწმინდის პარკისთვის 2014 წელს უნდა ჩაებარებინა, რომლისთვისაც პარკის ადმინისტრაციამ ფინანსური რესურსიც გასწია. თუმცა ამაოდ. შესყიდული მასალები საქართველოში საბაგიროს კონსტრუქციის დაუმთავრებლობის გამო არ გამოგზავნილა და ის შვეიცარიასა და ავსტრიაში კონტრაქტორი კომპანია Doppelmayr-ის საწყობებში დღესაც ინახება.

ამასთან ცნობისთვის, რუსთაველის საბაგიროს მშენებლობის საკითხს ადგილობრივებიც აფერხებდნენ, რომლებიც დიდ საკომპესაციო თანხას ითხოვდნენ, თუმცა სექტემბერში მაცხოვრებლებსა და მერიას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, შესაბამისად ადგილზე 11-მა ოჯახმა კუთვნილი საკუთრების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხები მიიღო.