მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველის გამზირი, ბათუმის ბულვარი - მთავრობა განიხილავს, სად უნდა იყოს სავალდებული პირბადე

60b4ec0a2398d
ინგა მურუსიძე
31.05.21 17:55
1116
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადე კვლავ არის ყველაზე საუკეთესო საშუალება, რომელიც მოსახლეობას ვირუსის გავრცელებისგან იცავს.

მისივე თქმით, ამ რეკომენდაციას ყველა უნდა დაემორჩილოს, რადგან პირბადის გარეშე გავრცელების რისკი ბევრად მეტი იქნება.

„მე მესმის, რომ ზაფხულია, უკვე ცხელა და მისი ტარება რთულია, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის. ამაზე არსებობს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ემორჩილება და იცავს ამ რეგულაციებს და კანონმდებლობას, ნაკლებია ამის მიმდევრობა შემოსული ტურისტებისგან, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი შესაბამისი უწყებები მეტად გაამკაცრებენ მონიტორინგს.

თუ გვინდა, რომ ამ ზაფხულს არ გვქონდეს ინფიცირების შემდგომი ზრდა, აუცილებელია გვქონდეს ეს 5 რეკომენდაცია - პირბადე ყველგან, დისტანცია ყველგან, სანიტარული წესრიგი ყველგან, დიდი თავშეყრების მინიმიზაცია, ანუ თავის არიდება საერთოდ და ვაქცინაციის ინტენსიფიკაცია. თუ ამას თანმიმდევრულად შევასრულებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ზაფხულს შედარებით მშვიდად გავივლით და არ დაგვჭირდება არავითარი ინდიკატორი იმისა, რომ შეზღუდვები დაწესდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება შედარებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ ეტაპისთვის პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ არის, გამყრელიძე ამბობს, რომ მეზობელმა ქვეყნებმა ე.წ. მესამე ტალღა უკვე გაიარეს.

“ვტოვებთ პირბადეების ტარების აუცილებლობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ახალი შემთხვევების რაოდენობა არის ასეულების ფარგლებში. ხოლო პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკის, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვიხსნათ. თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.