მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსთავი 2”-ისა და “პრაიმ ტაიმის” ჰოლდინგის ახალი თანადირექტორი ვაკო ავალიანია

60f726c8d43d2
BM.GE
20.07.21 23:37
1700
“რუსთავი 2”-ისა და “პრაიმ ტაიმის” მედია ჰოლდინგს ახალი თანადირექტორი ჰყავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის თანადირექტორად დღეს “მაესტროს” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ვაკო ავალიანი დაინიშნა. რეესტრის თანახმად, თანადირექტორის პოსტს ინარჩუნებს ზაზა გველესიანიც, რომელიც აქამდე კომპანიის ერთადერთი დირექტორი იყო.

ვაკო ავალიანმა ტელეკომპანია “მაესტროს” დატოვების შესახებ განცხადება 15 ივლისს გააკეთა. საკუთარ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ავალიანმა განაცხადა, რომ “მაესტროზე” გია გაჩეჩილაძე ბრუნდებოდა და არხი ფორმატს იცვლიდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

"ვტოვებ მაესტროს სადაც, კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი - არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე, (რამდენიმე პროექტით) არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად წარმატება მაესტროს და მაესტროელებს", - წერდა ვაკო ავალიანი.

შეგახსენებთ, 2021 წლის მარტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და “პრაიმ-ტაიმმა” ერთობლივი ჰოლდინგის დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება. ბიზნესრეესტრის თანახმად, მხარეებმა სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგი" შექმნეს.

საჯარო რეესტრის თანახმად, სს “მედია ჰოლდინგის” 90%-იან წილს - “პრაიმ-ტაიმი”, 10%-იან წილს კი “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ფლობს.

კომუნიკაციების კომისიის იურიდიული რეესტრის მიხედვით, "მედია ჰოლდინგის" ავტორიზაციაში "კომედი არხის" და "მარაოს" მაუწყებლობის უფლებაც შედის.

თავის მხრივ, ახალი მედიაჰოლდინგის 90%-იანი წილის მფლობელი კომპანიის - “პრაიმ ტაიმის” 50%-50%-იან წილებს თამარ ფხაკაძე და გიორგი ქუთათელაძე ფლობენ.

“რუსთავი 2”-ის 100%-იან წილს კი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფლობს. კერძოდ, მას პირდაპირ ეკუთვნის არხის 60%-იანი წილი, ხოლო დანარჩენ 40%-იან წილს კი შპს “პანორამას” მეშვეობით ფლობს.