16.აპრილი .2022 00:00

რუსთავის მერიამ ორ წელიწადში საკუთარი საქმიანობის რეკლამირებაში 394.1 ათასი ლარი დახარჯა - აუდიტი

რუსთავის მერიამ ორ წელიწადში საკუთარი საქმიანობის რეკლამირებაში 394.1 ათასი ლარი დახარჯა - აუდიტი
views 881
უკან

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019-2020 წლებში საკუთარი საქმიანობის რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის დახარჯა სულ 394.1 ათასი ლარი. ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, რამდენად აუცილებელი იყო მუნიციპალიტეტის მიერ ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურების შესყიდვა და იყო თუ არა დახარჯული ფულადი რესურსი, მიღებული შედეგის ადეკვატური. გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში დაფინანსებულია არასოციალური რეკლამა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

უფრო კონკრეტულად 2019-2020 წლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტმა საკუთარი საქმიანობის რეკლამირებისა და ინფორმაციის გავრცელებისათვის განახორციელა შემდეგ აქტივობები:

• მუნიციპალიტეტმა ტენდერების საშუალებით შეისყიდა სატელევიზიო და რადიო მომსახურება და ხელშეკრულება გააფორმა სს „ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიასთან“. შესყიდვის საგანია მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტების მომზადება და გაშვება სატელევიზიო და რადიო ეთერის საშუალებით; დამკვეთის მიერ მიწოდებული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ვიდეორგოლის დამზადება და გაშვება; ინფორმაციის განთავსება მოძრავი სტრიქონის საშუალებით და ა.შ. ხელშეკრულებების საკასო ხარჯი 2019-2020 წლებში 319.9 ათასი ლარია. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა სარეკლამო რგოლების შინაარსი, რომლებიც რეგულარულად გადაიცემოდა ტელევიზიის ეთერში 2019-2020 წლებში. სარეკლამო რგოლების სიუჟეტი ძირითადად მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე შექმნილი საინფორმაციო მასალაა, რომელიც რეკლამას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეულ მომსახურებას. ეს სამუშაოები სს „ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიას“ საკუთარი ინიციატივით შეეძლო გაეშუქებინა, რადგან რეგიონალური ტელევიზიები ისედაც გადასცემენ ინფორმაციას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობის შესახებ. ამასთანავე, სარეკლამო რგოლების შინაარსი არ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კრიტერიუმებს და შეიცავს დამკვეთის მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2019-2020 წლებში სს „ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიის“ მიერ მიღებულმა შემოსავლებმა სულ 568.0 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 56% რუსთავის მუნიციპალიტეტიდან მიღებული დაფინანსებაა.

• მუნიციპალიტეტმა ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გააფორმა შპს „გაზეთ რუსთავთან“. შესყიდვის საგანია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და დამკვეთის მიერ მიწოდებული სოციალური ბანერის განთავსება გაზეთის მთავარ გვერდებზე. მიმწოდებლისათვის 2019-2020 წლებში გადახდილმა თანხამ სულ 38.0 ათასი ლარი შეადგინა.

• მუნიციპალიტეტმა ტენდერების საშუალებით შეისყიდა საინფორმაციო სააგენტოს მომსახურება და ხელშეკრულება გააფორმა შპს „ინფო რუსთავთან“. შესყიდვის საგანია: მერიის და საკრებულოს საქმიანობის ამსახველი ტექსტობრივი, ფოტო ან ვიდეო მასალის დამზადება-გავრცელება, პირდაპირი ეთერი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი ბანერების და ვიდეორგოლების დამზადება და განთავსება ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში და ა.შ. აღნიშნულ მომსახურებაში მუნიციპალიტეტს 2019-2020 წლებში სულ გადახდილი აქვს 36.2 ათასი ლარი.

• მერიაში არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახური, რომლის ფუნქციებია: მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორმირება; მერიის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადება/გამოქვეყნება და სხვ. 2019-2020 წლებში ასევე ფუნქციონირებდა მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეეძლო მიეღო ინფორმაცია მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა