მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში საცხენოსნო კლუბის - "რუსთავის იპოდრომის" გახსნა იგეგმება

633e88b4a01c5
გვანცა სანაია
07.10.22 09:00
3637
რუსთავში საცხენოსნო კლუბი "რუსთავის იპოდრომი" გაიხსნება. პროექტის კონცეფციით, ტერიტორიას როგორც კომერციული, ასევე სოციალური დატვირთვა ექნება.

საცხენოსნო კლუბის ტერიტორია 3 ჰექტრამდეა და სხვადასხვა სივრცით დაიტვირთება. მათ შორის იქნება სამოყვარულო ჯირითისთვის განკუთვნილი მოედანი, ცხენების თავლა, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა. კლუბში იქნებიან სერტიფიცირებული ინსტრუქტორებიც.

"ეს სივრცე უნდა იყოს ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის საინტერესო. არსებობს ტბის მოწყობის ინიციატივაც და პროექტის მიმდინარეობის ეტაპებზე გადავწყვეტთ პრიორიტეტებს", - ამბობს ირაკლი აბაშიძე, ინვესტორის წარმომადგენელი.

საცხენოსნო კლუბი რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს. ტერიტორია კერძო სექტორს რუსთავის მუნიციპალიტეტისგან იჯარით, 30 წლის ვადით აქვს აღებული. ინვესტორი ლერი ხიზანიშვილია.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტები, უსაფრთხოების მაღალი დონე, გვინდა მთლიანი სეგმენტი ავითვისოთ. მოეწყობა მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა, სივრცე ბავშვებისთვის, გვექნება ასევე კვების ობიექტი. ზოგადად კონცეფცია არის და პროექტის მიმდინარეობის ეტაპებზე გადავწყვეტთ პრიორიტეტებს. გვეყოლება 20 ცხენი, პონების ჩათვლით და არ გამოვრიცხავთ, ტერიტორიაზე ცხენსაშენიც გაკეთდეს. ვგეგმავთ, რომ თვეში ერთი დღე დავუთმოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომლებიც სრულიად უფასოდ შეძლებენ სივრცით სარგებლობას“, - უთხრა BM.GE-ს ინვესტორის წარმომადგენელმა, ირაკლი აბაშიძემ.

საცხენოსნო კლუბის გარდა, შესაძლებელი იქნება კომერციულად ტერიტორიის და ცხენების გაქირავება კინო ფილმების ან სხვა თემატიკის გადაღებებისთვის.

„საცხენოსნო კლუბის გარდა, ეს თემა კინოსთან და გადაღებებთანაც ახლოს არის. საცხენოსნო კლუბები სულ რამდენიმეა საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი შეემატება. აქ იქნება მომსახურება ასევე კინო გადაღებებისთვის გაქირავების ნაწილში, როგორც მარტო ცხენების, ასევე ეტლიანი ცხენების. ამ მიმართულების განვითარებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი საცხენოსნო კლუბი იქნება, ეს კულტურაც უფრო მეტად დაბრუნდება საქართველოში", - აღნიშნა bm.ge-სთან საცხენოსნო კლუბის მხარდამჭერმა, ლაშა კანკავამ.


პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ორი წლის ვადაში უნდა დასრულდეს და 300 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდეს. პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა, ინვესტიცია გაიზარდოს.