მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსუდან კემულარია: ოფშორი მხოლოდ არალეგალურ საქმეებთან არ არის დაკავშირებული

5715e6b75d124
BM.GE
17.04.16 16:54
2860
რა შეიძლება იყოს ოფშორის დადებითი და უარყოფითი მხარე, რა განსხვავებაა თავისუფალ ეკონომიკურ ზონასა და ოფშორულ ზონას შორის, - თემამ განსაკუთრებული აქტუალობა ე.წ. „პანამის დოკუმენტების“ გასაჯაროვების შემდეგ მიიღო. საკითხზე "ბიზნესკონტაქტის“ ეთერში ექსპერტი საგადასახადო საკითხებში რუსუდან კემულარია საუბრობს.

- ქალბატონო რუსუდან, რატომ მოხდა ამ ინფორმაციების გამოჟონვა და რეალურად საქმე რასთან გვაქვს?

- მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს. ეს შეიძლება იყოს ფინანსური, პოლიტიკური, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, არის ახალი გლობალური მასშტაბის ეკონომიკური ტრანზაქციები, ახალი ტრანზიტული კომპანიები ყალიბდება, ძალიან რთულია ბენეფიციური მფლობელი კომპანიის დადგენა, კონკრეტული ინდივიდის თუ ბიზნესის, რომელიც ამა თუ იმ ეკონომიკური ტრანზაქციის უკან დგას. ეს ერთგვარი ახალი გამოწვევაა მოხდეს დადგენა მსგავსი პირებისა, რაც რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. საერთაშორისო მართლწესრიგი ამ მხრივ ძალიან შეცვლილია. საინტერესოა ისეთი ეკონომისტის, როგორიც არის ცუკმანი ნაშრომი, რომელიც მიუთითებს, რომ მსოფლიო სიმდიდრის დაახლოებით 8 პროცენტი ოფშორულ ზონებშია აკუმულირებული. ეს არის დაახლოებით 7.6 ტრილიონი, რაც ძალიან კოლოსალური თანხაა. რა თქმა უნდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და სავალუტო ფონდი თვალყურს ადევნებენ ამ მოვლენებს და ცდილობენ სხვადასხვა მექანიზმები შექმნან იმისათვის, რომ ამის აღმოფხვრა მოხდეს.

- ინფორმაციის შემდგომ დისტრიბუციას რა შეიძლება მოჰყვეს?

- იურისდიქციის მიხედვით, შედეგი შეიძლება სხვადასხვა იყოს. ოფშორი არ არის დაკავშირებული მხოლოდ არალეგალურ საქმეებთან. პირიქით, ხაზს გავუსვამ იმას, რომ უმრავლეს შემთხვევაში ეს ტრანზაქციები ლეგალურად ხორციელდება იმისთვის, რომ ბიზნესებმა ხარჯები შეიმცირონ და პრეფერენციული რეჟიმით ისარგებლონ. აქედან გამომდინარე, ვიცით, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა ჟურნალისტური გამოძიების ორგანიზაციას მიმართეს ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შესაბამისად, თუ რა შედეგები დადგება ცალკეული იურისდიქციების მიხედვით ცნობილი გახდება.

- რითი იყო გამორჩეული და მიმზიდველი ბიზნესისთვის Panama?

- იგი, ისე როგორც სხვა ოფშორები ბიზნესს პრეფერენციულ რეჟიმს სთავაზობს და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ეს იურიდიული კომპანია კონფიდენციალურობის ძალიან მაღალ ხარისხს სთავაზობდა და ის ამით განსხვავდება, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ინფორმაცია Panama-ში დარეგისტრირებული კომპანიიდან გამომჟღავნდა. მასალებიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 21 ოფშორული ცენტრი იყო ჩართული, რომლებიც ამ ტრანზაქციების გაშიფვრისას გამოვლინდა. ეს არ არის მხოლოდ Panama. ზოგადად ოფშორი სთავაზობს პრეფერენციულ რეჟიმს, საერთოდ გადასახადებისაგან გათავისუფლებას, ან დაბალ განაკვეთს, ასევე აქტივების დაცულობას და ეს ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ფუფუნებაა, თუმცა საგადასახადო დაბეგვრის თვალსაზრისით მიმზიდველი. ასეთი შემთხვევები ერთი რაღაცის ანალიზს გვაძლევს, კერძოდ მსოფლიო ახალი გამოწვევებს წინაშე დგას. კონფიდენციალურობა და ანონიმურობა, რაც ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ფაქტორია ოფშორებისთვის ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და რა თქმა უნდა საერთაშორისო მართლწესრიგი ამ თავლსაზრისით გადაიხედება. გლობალური ფორუმი 2009 წელს შეიქმნა და ძალიან დიდი მუშაობა იქნა გაწეული.

- ეს თემა საქართველოსთვის თუ არის საინტერესო და რაიმე პერსპექტივას თუ ხედავთ ამ მიმართულებით?

- იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ რისკებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისითაც საქართველოსთვის რომ მიმზიდველი იყოს, ასევე საქართვლოს საგადასახადო სისტემიდან და საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარე ეს არის ამერიკის “ფატკას“ ხელშეკრულება, რომელიც ასევე 2015 წელს იქნა ხელმოწერილი.

ჩვენი საგადასახადო რეგულაცია, კანონმდებლობა და მოწყობა ნამდვილად არ არის ამ თვალსაზრისით სახარბიელო. ოფშორების შემთხვევაში დიდი რისკია, რომ ქვეყანა ტრანზიტად იქნას გამოყენებული, კაპიტალის გადინება მოხდეს მხოლოდ და რა თქმა უნდა, ასევე კუთვნილი ბაზის ეროზია და შემოსავლების დაკარგვა, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი არ იქნება. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესოა ცუკმანის მითითება, რომ კაპიტალიზმი საგადასახადო ოფშორული ცენტრების გარეშ წარმოუდგენელია, თუმცა თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ზოგადად საინტერესოა ოფშორმა მსოფლიო დონეზე ხომ არ ამოწურა თავისი თავი.