მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ ნავთობზე EU-ს ემბარგოს უნგრეთი და სლოვაკეთი, სავარაუდოდ, არ შეუერთდებიან

6270e49ccc1d6
გიორგი თოლორდავა
03.05.22 21:48
971
ევროკომისია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შედგენაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, რუსული ნავთობის იმპორტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება და პოტენციურად ემბარგოს შემოღებაც კი იქნება გათვალისწინებული.

Reuters-ის ცნობით, უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის კომისია, სავარაუდოდ, გამონაკლისს დაუშვებს და მათთვის იმპორტის მყისიერად შეზღუდვა არ იქნება სავალდებულო, რაც მათი ენერგეტიკული სისტემისა და ეკონომიკის რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებულია - ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის განიხილება ხანგრძლივი გარდამავალი პერიოდის დაწესება, რომელიც ამ ქვეყნებს მეტ დროს მისცემს რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად და მიწოდების წყაროების ჩასანაცვლებლად. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს სლოვაკეთმა იმპორტირებული ნავთობის სრული მოცულობის 96% რუსეთიდან მიიღო, უნგრეთმა კი - დაახლოებით 58%.

საგულისხმოა, რომ ნედლი ნავთობის ექსპორტი რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უმთავრესი შემოსავლის წყაროა. უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა ნავთობის საფასურის სახით რუსეთს დაახლოებით 20 მილიარდი ევრო გადაუხადა.

უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივას, რომელიც რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვით დააზარალებს უნგრეთის ეკონომიკას, საჭიროების შემთხვევაში კი მთავრობა ვეტოს უფლების გამოყენებასაც არ გამორიცხავს.

„მსგავსი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ერთსულოვან თანხმობას. აზრი არ აქვს კომისიის მიერ ისეთი ინიციატივის წარდგენას, რომელიც რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვით შეზღუდავს უნგრეთს - მკაფიოდ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ასეთი ინიციატივას მხარს არასოდეს დავუჭერთ“, - განაცხადა მთავრობის კაბინეტის მინისტრმა, გერგელი გულიასისმა.