მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსული ბაზარი მცირე და საშუალო ბიზნესს აზარალებს“ - ტყუპების საღვინე სახლი

6296006bdbeee
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.22 16:13
1106
ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია „ტყუპების საღვინე სახლის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გელა გამტკიცულაშვილის შეფასებით, რუსული ბაზარი მცირე და საშუალო ბიზნესს აზარალებს.

BM.GE-სთან კომპანიის საექსპორტო ბაზრებზე საუბრისას მეღვინემ აღნიშნა, რომ რუსეთის ბაზარზე მოთხოვნა დაბალფასიან ღვინოზეა, რაც თავისთავად დაბალ ხარისხსაც გულისხმობს. მისი თქმით, „ტყუპების საღვინე სახლის“ ღვინო გასულ წლებში რუსეთში რამდენჯერმე გავიდა, თუმცა მაღალი ღირებულებით, რადგან ქვევრის ღვინის წარმოება ძვირადღირებული საქმიანობაა.

„რუსული ბაზარი მცირე და საშუალო ბიზნესს აზარალებს, რადგან მაღალ ხარისხიანი ღვინო არ უნდათ. მცირე და საშუალო მეწარმეები კი ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე არიან ორიენტირებულები. დღეისთვის რუსულ ბაზარზე ღვინო არ გაგვაქვს, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი ღვინო 8 დოლარადაც გასულა რუსეთში. ეს რუსული ბაზრისთვის მაღალი ფასია“, - აღნიშნა მეღვინემ.

გელა გამტკიცულაშვილი ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთიდან დაბალფასიანი ღვინის გაზრდილ მოთხოვნაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ჩინეთის ბაზარზე პარტნიორების მხრიდან შეთავაზებულ დაბალ ფასზე კომპანიამ უარი განაცხადა.

„ღვინო ჩინეთსა და უკრაინაშიც კარგად იყიდებოდა, თუმცა პანდემიის დაწყებამდე ჩინეთის ბაზარზე გაყიდვები გართულდა, ერთ-ერთი მიზეზი ამ მიმართულებიდან ბოლო პერიოდში დაბალფასიან ღვინოზე მოთხოვნის ზრდაა, რისი დაკმაყოფილებაც ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან ქვევრის ღვინის წარმოება საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი საქმეა. ამასთან, ჩვენ მაღალხარისხიან ღვინოზე ვმუშაობთ და იმ ფასად ვერ მივცემდით, რასაც გვთავაზობდნენ. ამის მიუხედავად ჩინეთის ბაზარი არ დაგვიტოვებია. ამ ეტაპზე გვყავს რამდენიმე პარტნიორი, რომლებსაც ღვინო ჩვენთვის მისაღებ ფასად გააქვთ. ეს კომპანიები წინასწარ გვიხდიან და ამის შემდეგ მიაქვთ ღვინო. თუ პარტნიორებთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ ჩინეთში ღვინის გატანას შევწყვეტთ“, - განმარტა „ტყუპების საღვინე სახლის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ყველაფრის გათვალისწინებით, გელა გამტკიცულაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით მარკეტინგულ კამპანიას ვაწარმოებთ და ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ რეალიზების გასაზრდელად წარმოება უნდა გავზარდოთ.

ბიზნესის განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებაში სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი მხარდაჭერა დაგვეხმარება, იქნება ეს ქართული და ქვევრის ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობის ხელშეწყობა თუ მარკეტინგული კამპანიების დაფინანსება“, - უთხრა BM.GE-ს მეღვინემ.

ცნობისთვის: დღეს, კომპანია წლიურად 500 000 ბოთლ სხვადასხვა დასახელების ქვევრის და კლასიკურ ღვინოს აწარმოებს და 2022 წელს ჯამში ექსპორტზე აშშ-ში, შვედეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იაპონიასა და ჩინეთში 50 000 ბოთლის გატანას გეგმავს. წარმოების 95% ქვევრის ღვინოზე მოდის და „ტყუპების საღვინე სახლი“ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სწორედ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.