მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ფქვილის მთავარი ექსპორტიორი საქართველოა

63bd6c17ca951
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.23 17:58
1952
რუსეთიდან გასულ წელს ფქვილის ექსპორტი გაიზარდა, რუსული ფქვილის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა კი საქართველო გახდა. 

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროექსპორტის“ ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის განმავლობაში რუსეთიდან ექსპორტზე 881 ათასი ტონა ხორბლისა და ხორბალ-ჭვავის ფქვილი გავიდა, რაც 2021 წლის მონაცემებს 3.5-ჯერ აღემატება. ფქვილის ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 3.9-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნია, რომ 2022 წლის აპრილიდან რუსეთიდან ფქვილის ექსპორტი ყოველთვიურად 60 ათას ტონას აღემატებოდა, ივნისიდან კი 100 ათას ტონას გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, 25 დეკემბრის მონაცემებით, გასულ წელს ფქვილის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა საქართველო იყო. ამ მიმართულებით ფქვილის ექსპორტი რუსეთიდან 4.7-ჯერ გაიზარდა და 202 ათასი ტონა შეადგინა. ექსპორტის ღირებულება კი 6-ჯერ გაიზარდა.

რუსული ფქვილის მეორე მსხვილი შემსყიდველი ერაყი იყო, სადაც 158 ათასი ტონა გავიდა, ეს მოცულობა 2021 წლის მონაცემებს 12-ჯერ აღემატება. მესამე ექსპორტიორი ქვეყანა კი ავღანეთი იყო, რომელმაც რუსეთიდან 131 ათასი ტონა ფქვილი შეიძინა, რაც 4.9%-ით მეტია წინა წლის ექსპორტის მაჩვენებელზე.

რუსული ფქვილის TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგში თურქეთიც მოხვდა, რომელიც წინა წლებში რუსული ხორბლის შეძენას და მის გადამუშავებას ანიჭებდა უპირატესობას. აღნიშნულ პერიოდში თურქეთში რუსეთიდან 78 ათასი ტონა ფქვილის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 1 000 ტონამდე იყო. ფქვილის შემსყიდველებს შორის მეხუთე ადგილზე თურქმენეთია, რომელმაც იმპორტი 4.5-ჯერ 43 ათას ტონამდე გაზარდა.

რუსული უწყების ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში ფქვილის ექსპორტი ეგვიპტეში, უგანდაში, სენეგალსა და შრი-ლანკაში განხორციელდა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 11 თვეში საქართველომ 60.7 მლნ დოლარის ღირებულების 160 834 ტონა ფქვილი შეიძინა, რაც მოცულობით 5.5-ჯერ, ღირებულებით კი 6.6-ჯერ აღემატება 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. იმპორტირებული საქონლის 98% კი რუსულ ფქვილზე მოდის.