მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული ФСБ-ს საფრთხის გამო, ესტონეთში Yandex Taxi აიკრძალა

62470cb6813dc
გიორგი თოლორდავა
01.04.22 19:06
956
ესტონეთის მთავრობამ Yandex Taxi-ზე სანქციის დაწესების და ქვეყნის მასშტაბით მისი სერვისების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. კანონი ძალაში 11 აპრილიდან შევა და კომპანიას სრულად აეკრძალება ესტონეთის ბაზარზე ოპერირება.

„Yandex-ის აკრძალვა მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ესტონეთში არ არის იმ კომპანიების ადგილი, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. ჩვენ ასევე შევთავაზეთ ევროკავშირის, რომ მათაც დაუწესონ სანქციები Yandex-ს“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა.

მთავრობის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ კანონპროექტთან, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, ტაქსის მძღოლები და სატრანსპორტო სერვისების პროვაიდერები ვალდებულნი გახდებიან ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) გაუზიარონ ინფორმაცია მგზავრებისა და მარშრუტების შესახებ.

გარდა ამისა, რუსეთის რეგიონული სანავიგაციო და საინფორმაციო სისტემა პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ტაქსის ადგილმდებარეობის და მისი გადაადგილების შესახებ.

Yandex Taxi-სა და მისი სერვისების აკრძალვის ინიციატივა პარლამენტს ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ანდრეს სუტმა მიმდინარე კვირას წარუდგინა.

ანდრეს სუტის განმარტებით, რუსული კომპანიები, მათ შორის Yandex, იძულებულნი იქნებიან, რომ მგზავრების შესახებ ინფორმაცია ФСБ-ს გაუზიარონ, რაც, თავის მხრივ, ესტონეთის უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.

„რუსეთის სპეცსამსახურებმა და ხელისუფლებამ, შესაძლოა, ბოროტად ისარგებლონ Yandex-ის მონაცემებთან წვდომით“, - განაცხადა სუტმა.

გარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა, კომპანია Yandex-ის შესახებ გაფრთხილებას იძლევიან ესტონეთის უსაფრთხოების სამსახური და მონაცემთა დაცვის ინსპექცია.

აღსანიშნავია, რომ Yandex რუსეთში დაფუძნებული უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ტაქსის სერვისების გარდა, Google-ის კონკურენტ საძიებო სისტემას, ელექტრონულ ფოსტას, სავაჭრო პლატფორმას და მობილურ აპლიკაციებს ფლობს. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 6.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.