მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული გაზის იმპორტი 158%-ით $55 მილიონამდე გაიზარდა, აზერბაიჯანულის იმპორტი შემცირდა

61977fba99f46
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.21 23:59
3014
საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი მკვეთრი ტემპით იზრდება. 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ქვეყანაში $55 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული გაზი შემოვიდა, რაც 2020 წელს არსებულ $21.3 მილიონთან შედარებით 158%-ით მეტია. ასეთი დიდი ზრდა რუსული გაზის მიმართულებით არცერთი წინა წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

სანაცვლოდ კი, აზერბაიჯანიდან 41.8 მილიონი დოლარით (21%) შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი და მან $162.6 მილიონი შეადგინა.

შედეგად, თუკი 2020 წელს რუსული ბუნებრივი აირის წილი მთლიან იმპორტში 9.3% იყო, წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 25.4%-ს მიაღწია.

უფრო დეტალურად, სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია:

2021 წლის 10 თვეში - გაზის მთლიანი იმპორტი $218 მილიონი იყო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის - $162.6 მილიონი, რუსული გაზის - $55.3 მილიონი;

2020 წლის 10 თვეში - გაზის მთლიანი იმპორტი $229 მილიონი იყო, მათ შორის აზერბაიჯანული გაზის - $204.5 მილიონი, რუსული გაზის - $21.3 მილიონი, სომხეთიდან იმპორტმა კი $3.1 მილიონი შეადგინა.

საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და შაჰ-დენიზის კონსორციუმთან არსებული ხელშეკრულებების მიხედვით, ქვეყანა სოციალური სექტორისთვის და თბოსადგურებისთვის განკუთვნილ გაზს შეღავათიან ფასად იღებს, თუმცა ქვეყანა პარალელურად ახორციელებს რუსული გაზის შესყიდვებს, რასაც ქვეყანა ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენიდან იღებს. აღნიშნული მილსადენი წლიურად 2.2-2.3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს და ის სომხეთის გაზმომარაგების მთავარი არხია. 2015 წლის ჩათვლით საქართველო ტრანზიტის საფასურს გატარებული გაზის 10%-ის ნატურით იღებდა, თუმცა მას შემდეგ ტრანზიტის საფასურს რუსული "გაზპრომ ექსპორტი" საქართველოს ფულადი სახით უხდის, ანაზღაურების თანხა კი კომერციული საიდუმლოებაა.

BMG შეეცდება გაარკვიოს, რა იწვევს წელს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის ზრდას და რომელი სექტორი (სახელმწიფო თუ კერძო) არის მისი ძირითადი მომხმარებელი.

სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზეა ხელმისაწვდომი; მოცემულია ინფორმაცია ბუნებრივ გაზზე, რომელიც საქართველოში უშუალოდ აირის სახით შემოვიდა და არა დაწნეხილი სახით (სასაქონლო კოდი 271121)