14.ივლისი .2022 12:00

რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა EU-ს სანქციების მე-7 პაკეტშიც არ იქნება

რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა EU-ს სანქციების მე-7 პაკეტშიც არ იქნება
views 570
უკან

რუსული გაზის აკრძალვის საკითხი ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტშიც ვერ მოხვდება. Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე მუშაობს, თუმცა როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პერტ ფიალა აცხადებს, წევრი სახელმწიფოები ასე სწრაფად გაზის იმპორტის აკრძალვას ვერ შეძლებენ.

ჩეხეთი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და მისი პრემიერი ამბობს, რომ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.

“მე-7 პაკეტი მომზადების პროცესშია და ვფიქრობ, ეს კარგი კურსია”, - უთხრა ფიალამ Reuters-ს.

სავარაუდოდ, მე-7 პაკეტი რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვასაც მოიცავს. მისივე თქმით, წევრი სახელმწიფოებისთვის პრობლემური სანქციების პაკეტში ენერგომატარებლების შეტანაა. აქედან გამომდინარე, ჩეხეთის პრემიერი ფიქრობს, რომ გაზის იმპორტის აკრძალვა სანქციების ჩამონათვალში არ უნდა იყოს, რადგან წევრი სახელმწიფოები რუსულ გაზზე დამოკიდებულები არიან. მთლიანობაში ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულება უკრაინაში ინტერვენციამდე, 40%-ს შეადგენდა. ჩეხეთის პრემიერის განცხადებითვე, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, “თუმცა ეს ამ ზამთარში ვერ მოხდება”, - ამბობს ფიალა.

ევროკავშირის სანქციების უკვე მიღებული ექვსი პაკეტი მოიცავს აქტივების გაყინვას, რუსი ოლიგარქებისთვის ვიზის გაუქმებას, ექსპორტის კონტროლს, რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის აქტივების გაყინვას, SWIFT-დან ცალკეული რუსული ბანკების გათიშვასა და ევროკავშირიდან რუსული ქვანახშირისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვას.

ჩეხეთის პრემიერის თქმითვე, ევროპა უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ Nord Stream 1-ის გაზსადენიდან გაზის მიწოდება შესაძლოა, არ განახლდეს და ალტერნატივა ეძებოს, რომელიც შემდეგ წევრ ქვეყნებზე გადანაწილდება.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები საგანგებო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად, შესაძლოა, განიხილონ გაზის ერთობლივი შესყიდვაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა