მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუხში 242 ათასი ლარის ინვესტიციით ნახშირის საწარმო „ეკო ტექნოლოჯი“ ამოქმედდა

617a9251ca6b5
ვიქტორია მღებრიშვილი
28.10.21 16:40
1400
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 242 000 ლარის ინვესტიციით, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმო, „ეკო ტექნოლოჯი“ გაიხსნა, რომელიც თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოებას გულისხმობს.

აღსანიშნია, რომ პროექტი „საპატრნიორო ფონდის“, პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორც BM.GE-ის "საპატნიორო ფონდში" განუცხადეს, „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსება 80 000 ლარია, თავად ბენეფიციარის წილი 57 000 ლარია, ხოლო USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანამონაწილეობა - 105 000 ლარი. მათივე ცნობით, დღეისთვის საწარმო 25 ადამიანს უკვე ასაქმებს, ხოლო მომავალში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზრდება.

რაც შეეხება თავად საწარმოს, პროექტის ინვესტორების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თხილის ნაჭუჭის გადამუშავებისგან მიღებული, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა, სრულიად უსაფრთხო და ეკონომიურია, არ აქვს სპეციფიური სუნი, არ წარმოშობს კვამლს და იწვის 50%-ით მეტ ხანს ვიდრე ჩვეულებრივი ნახშირი. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ნახშირი ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.

„ჩემთვის ამ საწარმოს გახსნა ორმაგად სასიხარულო და დასაფასებელია, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე, საზღვრისპირა სოფელში, რუხში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, ინოვაციურს, ადგილობრივი პროდუქციით დამზადებულ- ნახშირს აწარმოებენ და საწარმოში გალის მაცხოვრებლები დასაქმდებიან. რამდენიმე ოჯახი უკვე მუშაობს და საუბარია კიდევ ხუთ ოჯახზე, რომლებიც გალიდან გადმოვლენ, იმუშავებენ და დაბრუნდებიან უკან.

ვფიქრობ, ჩვენი პრობლემის გადაწყვეტას აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონებში მხოლოდ მშვიდობით და ეკონომიკური განვითარების გზით შევძლებთ. დიდი მადლობა USAID-ს, რომელმაც „სტარტაპ-საქართველოსთან“ ერთად ხუთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან განახორციელა“, -აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„მიხარია, რომ 2 წელიწადში ორი საწარმოს აშენება შევძელით, რომლებიც მეტ ინოვაციასა და კეთილდღეობას მოუტანს სამეგრელოს, როგორც ეკონომიკური, ასევე - სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეიქმნება მინიმუმ 40 ახალი სამუშაო ადგილი. მადლობა USAID-ს და „ზრდას“ საუკეთესო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა „სტარტაპ-სქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

ცნობისთვის: 2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა, რომელთა განხორციელებისთვის გაწეულმა ინვესტიციამ 1,500.000 ლარზე მეტი შეადგინა. „სტარტაპ-სართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანამშრომლობის მიზანი ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა და დასაქმების ხელშეწყობაა.