მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რწმუნებული: ქუთაისი მზად არის ხვალ, 21:00 საათიდან ჩაიკეტოს

5e960fc04a0db
BM.GE
14.04.20 23:30
915
ქუთაისი მზად არის იმისთვის, რომ ხვალ, 21:00 საათიდან ჩაიკეტოს შემოსასვლელ-გასასვლელები, ქალაქის შიგნით მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე გადაადგილდებოდნენ არასაკომენდატო საათის პერიოდში, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ ისედაც გვაქვს მოწყობილი ბლოკ-საგუშაგოები ყველა შემოსასვლელ-გასასვლელში და შესაბამისად, უბრალოდ გამკაცრდება კონტროლი. ქალაქის შიგნით მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე გადაადგილდებოდნენ არასაკომენდატო საათის პერიოდში.

რაც შეეხება სასაფლაოებს, აქაც რეკომენდაციაა და აუცილებლად იქნება შეზღუდული სასაფლაოებზე მისვლა და მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ასევე, რომ თავშეყრის ადგილებზე, რომელიც შეიძლება იყოს ეკლესიებთან, იყოს ყველა წესი დაცული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, დავრჩეთ სახლში.

უფრო დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ ჩვენს მოქალაქეებს ამ დღეებში და სავარაუდოდ, ეს იქნება ბოლომდე დახურული, ვირუსი რომ არ გავრცელდეს და სიტუაცია არ გახდეს უკონტროლო, ამის გამო იღებს სახელმწიფო ამ ზომებს", - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მისივე თქმით, ყველა სასიცოცხლო ობიექტი გააგრძელებს მუშაობას როგორც აქამდე, თუ ქალაქის გარედან იქნება მომარაგება საჭირო, ყველა მაღაზია თუ კლინიკა მას შეუფერხებლად მიიღებს.

"ყველა მოქალაქე, რომელიც ქუთაისში დადის სამსახურისთვის, შეუფერხებლად შეძლებს ქალაქში შემოსვლას, დისტრიბუტორებთან დაკავშირებითაც იქნება განსაზღვრული, რომ აუცილებლად შემოვლენ ისინი, რომელთა შემოსვლაც აუცილებელია პროდუქტებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში დაფიქსირებულ შემთხვევას, გადაგზავნილია ერთი ანალიზი, რომელსაც შვიდი კონტაქტი ახლავს. სოფელში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 15 პირი იმყოფება", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხვალ, 15 აპრილიდან, 21:00-საათიდან, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესვლა და გამოსვლა აიკრძალოს, 10 დღით.