20.მაისი .2020 00:00

Ryanair-ის ხელმძღვანელი ბრიტანეთში 14-დღიანი კარანტინის შესახებ გეგმებს "იდიოტურს" უწოდებს

views 444
უკან

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი დიდი ბრიტანეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მიღებული ზომების გამო აკრიტიკებს. მაიკლ ო’ლირის განცხადებით, ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის დაწესებული 14-დღიანი კარანტინი "იდიოტური და არაგანხორციელებადია“. ასევე ამ იდეას ის "სასაცილოს“ უწოდებს. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ ვერ შეძლო კრიზისის მართვა კვირების განმავლობაში.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, არის უფრო ეფექტური ზომები და ეს არის მაგალითად პირბადეების გამოყენება.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, ახალი ზომა, რაც პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მიიღეს, ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების თვითიზოლაციას 14 დღის განმავლობაში. ეს შეზღუდვა არ ეხება საფრანგეთიდან და ირლანდიიდან ჩასულებს.

აღნიშნული ზომა საფრთხეს უქმნის Ryanair-ის გეგმებს, რომელიც ივლისიდან ავიარეისების 40%-ის აღდგენას აპირებს. სავალდებულო კარანტინის დაწესების გამო კი, ისინი თავს შეიკავებენ ბრიტანეთში ვიზიტისგან.

"ეს მთავრობა გვეუბნება, რომ ვერ ჩაფრინდები, თუ იქ 14 დღე არ იქნები იზოლაციაში“, – ამბობს მაიკლ ო’ლირი.

თავის მხრივ ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ზომები საზღვარგარეთიდან ინფექციის შემოტანის პრევენციისთვის კარგი საშუალებაა, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა არ დაიწყოს.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაღუპულთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. ამიტომაც ქვეყნის მთავრობას არაერთი კრიტიკოსი ჰყავს ვირუსის კრიზისთან გამკლავების კუთხით. არის კრიტიკა სოციალური დისტანცირების დაგვიანების შესახებ, ასევე შეზღუდვების მოხსნასა და შემსუბუქებასთან დაკავშირებით. კრიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ბუნდოვანი და არაპრაქტიკულია მთავრობის ზომები. მაგალითად, პრემიერმა ბორის ჯონსონმა ცალკეულ საწარმოებში დასაქმებულებს მოუწოდა დაბრუნდებოდნენ სამსახურებს, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ თავიდან აერიდებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება.

კონსენსუსი ბევრ საკითხთან და ზომასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პირბადის გამოყენება ტრანსპორტში რომ ეფექტური ზომაა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ამაზე კონსენსუსი არსებობს. "ხალხის მგზავრობის გარეშე ეკონომიკა ვერ აღდგება“, – აღნიშნა მან.

ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას ატარონ პირბადეები, თუმცა, ეს არ არის სავალდებულო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ პირბადე ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირი დაბანის კომბინაციით. ცალკეული ქვეყნები კი, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სამხრეთ აფრიკა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას სავალდებულოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ Ryanair-ი ევროპაში მგზავრების რაოდენობით პირველ ადგილზეა, ის ცნობილია როგორც დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც 200-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ტურიზმის ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ქვეყნებში.

Ryanair–ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ისინი 80 მილიონი მგზავრის გადაყვანას ვარაუდობენ საერთო ჯამში, რაც წლის დასაწყისში დაგეგმილთან შედარებით დაახლოებით 50%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა