27.მარტი .2021 00:30

Ryanair-ის ხელმძღვანელი: დააიგნორეთ მინისტრების ნათქვამი და დაჯავშნეთ მოგზაურობა

Ryanair-ის ხელმძღვანელი: დააიგნორეთ მინისტრების ნათქვამი და დაჯავშნეთ მოგზაურობა
views 1976
უკან

ბრიტანელმა ტურისტებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ მთავრობის გაფრთხილებას, თავი არ უნდა შეიკავონ და საზღვარგარეთ მოგზაურობა უნდა დაჯავშნონ, – აცხადებს ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო’ლირი. ავიაკომპანიის მიზანს ზაფხულის სეზონზე შესაძლებლობების 80%-მდე ათვისება წარმოადგენს. როგორც ო’ლირი ამბობს, მასობრივი ვაქცინაცია ვირუსის შეკავებას შეძლებს და საზაფხულო კურორტებზე წელს ხალხმრავლობა იქნება. მისივე თქმით, ის ბრიტანეთის მთავრობის რჩევებს უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ არ ეთანხმება.

ცნობისთვის, ბრიტანეთში ვაქცინაციის აქტიურმა მიმდინარეობამ ტურიზმის ინდუსტრიას იმედი გაუჩინა, რომ ბრიტანელი ტურისტები მაინც შეძლებენ ზაფხულში მოგზაურობას. თუმცა, ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მაინც მზარდია.

Ryanair-ის ხელმძღვანელიც ამბობს, რომ ბრიტანეთიდან და გერმანიიდან ჯავშნები გაზრდილია, თუმცა არსებობს რისკები, რომ ზაფხულის სეზონი წელსაც ჩავარდება.

მიუხედავად მოსალოდნელი საშიშროებისა, ირლანდიური ბიუჯეტური ავიაკომპანია საბერძნეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის მიმართულებით ახალ რეისებს ამატებს, ასევე აპირებს, რომ ზაფხულის სეზონზე 400 მიმართულებით იფრინოს და კვირაში ჯამში 2000-მდე რეისი შეასრულოს.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა 17 მაისამდე აუკრძალა მოქალაქეებს უცხო ქვეყნებში მოგზაურობა, გამგზავრება მხოლოდ გადაუდებელი სამსახურებრივი, განათლების ან ჯანდაცვის მიზეზების გამოა შესაძლებელი.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ავიაკომპანიების აქციების ფასი შემცირდა, მას შემდეგ რაც დიდმა ბრიტანეთმა კვლავ მოუწოდა მოსახლეობას თავშეკავებისკენ, თუმცა, ოთხშაბათს მათი ფასები კვლავ გაიზარდა: TUI-ის 7.8%-ით, British Airways-ის მფლობელი კომპანია IAG-ის – 5.5%-ით, easyJet-ის – 3%-ით, ხოლო Ryanair-ის – 0.6%-ით.