მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათები IT და სანაოსნო კომპანიებს - ახალი სტატუსის გამოწვევები 

5f90504042677
BM.GE
22.10.20 09:00
2192
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  საერთაშორისო სტატუსის მქონე  IT და სანაოსნო კომპანიები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, რაც ითვალისწინებს როგორც საშემოსავლო, ისე - მოგების გადასახადის 5%-მდე შემცირებას, ასევე დივიდენდის 5%-იანი გადასახადისა და ქონების გადასახადის გაუქმებას. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამ სტატუსის მოპოვება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში, უშუალოდ ეწეოდნენ დადგენილებაში ზუსტად განსაზღვრულ IT ან სანაოსნო მომსახურებას ან მათი დამფუძნებელი კომპანია იყო დაკავებული აღნიშნული საქმიანობით.

როგორც bm.ge-ის BDO Legal-ში განუცხადეს, ახალ ინიციატივას უკვე აქვს  გარკვეული გამოძახილი და დაინტერესება. 

„მაგალითისთვის, შეგვიძლია დავასახელოთ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული IT კომპანია  EPAM Systems, Inc წლიური $9 მილიარდი შემოსავლით, რომელმაც უკვე დაიწყო პროცედურები საქართველოში შვილობილი კომპანიის დასარეგისტრირებლად  და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლადდადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის. ეს აჩვენებს, რომ ასეთი ტიპის რეჟიმების არსებობა საინტერესოა უცხოური კომპანიებისთვის და თუ ჩვენ შევქმნით საამისოდ სწორ ნიადაგს და ჯანსაღ  საინვესტიციო კლიმატს, არის შანსი, რომ კიდევ არაერთი კომპანია დაინტერესდეს შემოთავაზებული შეღავათებით და სრულად თუ არა გარკვეული ბიზნეს პროცესები გადმოიტანოს საქართველოში“, - ამბობენ კომპანიაში, თუმცა BDO Legal-ის პარტნიორი დავით გელაშვილი ახალი სტატუსის გამოწვევებზეც საუბრობს.

„ეს არ არის  მთავრობის პირველი ინიციატივა, რომელიც მოწოდებულია საგადასახადო შეღავათებით მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ინიციატივა თავისთავად კარგია, თუმცა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ეს არაა საკმარისი ქვეყანაში ახალი ინვესტორების მოსაზიდად და მსგავსი საკითხები განიხილება ინვესტიციების დაცულობის ხარისხთან ერთად, რასაც განსაზღვრავს ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობა, მოქმედი სამეწარმეო, საფინანსო თუ სხვა კანონმდებლობა, საკუთრების ხელშეუხებლობა, კორუფციული რისკების დონე და სხვა ფაქტორები“, - აცახდებს ის.

დავით გელაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს საბანკო სექტორის როლზე.

„ცალკე გამოვყოფდი საბანკო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხს. ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ბანკებს საკმაოდ გამკაცრებული მიდგომები აქვთ. ხშირია ფაქტები, როდესაც არ უხსნიან ანგარიშებს ან არსებულ ანგარიშებს უხურავენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც მომსახურებასა და საქონელს ყიდულობენ და ყიდიან საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების კომპანიებს, ასევე კომპანიებს სპეციალური სავაჭრო სტატუსით, რომელთა სპეციფიკაც სწორედ უცხოურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციებია. არადა თავის დროზე ეს სპეციალური რეჟიმებიც სწორედ მეტი უცხოური კაპიტალის და ბიზნეს ოპერაციების ჩვენს რეგიონში მოსაზიდად განხორციელდა, მარგამ დღეს თუ გადავხედავთ შედეგებს, ვერ ვიტყვით რომ აქ რამე მნიშვნელოვანი გარღვევა ან შთამბეჭდავი შედეგები მივიღეთ. ჩვენი დაკვირვებით ბანკებთან განსაკუთრებულ სირთულეებს აწყდება მომსახურების სექტორი, რომელიც საშუამავლო, პროგრამული, მარკეტინგული და ციფრული პროდუქტების მიწოდებას ახდენს საზღვარგარეთ. თუკი კომპანია იხდის ყველა საჭირო გადასახადს, არ არის  AML რისკების სპეციალურ სიებში, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლოს საბანკო პროდუქტებით. ვფიქრობთ, ბანკების მხრიდან მიდგომების შემსუბუქების გარეშე, ეს მართლაც კარგი ინიციატივა შესაძლებელია იმ მასშტაბით ვერ აღსრულდეს პრაქტიკაში,  როგორ  მოლოდინებსაც ახლა აჩენს“, - განმარტავს BDO Legal-ის პარტნიორი დავით გელაშვილი.