მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარბიტრაჟო დავაში საქართველომ ₾43 მლნ ლარი და $7 მლნ მოიგო

62a836250fabc
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.22 00:02
6330
საერთაშორისო საარბიტრაჟო დავაში საქართველომ 43.3 მილიონი ლარი და 7.3 მილიონი დოლარი მოიგო - ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილშია მითითებული.

ინფორმაციის თანახმად, საარბიტრაჟო დავაში განაჩენი, რომელიც 2022 წლის 29 მარტს იყო გამოტანილი, ტრიბუნალმა არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტები და პირიქით, მას სახელმწიფოსთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

წარმოდგენილ ინფორმაციაში არაა დაკონკრეტებული თუ რომელ კომპანიას დაეკისრა ამ კომპენსაციის გადახდა. ამჟამად საქართველოს მთავრობა ძირითადად ორი ტიპის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული, ესაა 1) დავები საერთაშორისო ინვესტორებთან, რომლებიც საქართველოს მთავრობას უჩივიან და 2) დავები სახელმწიფოს კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებმაც განსაზღვრული ვალდებულებები არ შეასრულეს და მათ სახელმწიფო უჩივის.

“საარბიტრაჟო დავაზე 2022 წლის 29 მარტს ტრიბუნალმა საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის არცერთი მოთხოვნა, ხოლო ქართული მხარის მიერ დაყენებული შესაგებელი მოთხოვნების თითქმის ყველა კომპონენტი დააკმაყოფილა.

საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მოსარჩელეს ქართული მხარის სასარგებლოდ დააკისრა ზიანის ანაზღაურება 43,320,828 ლარისა და 1,431,764 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, ტრიბუნალმა მოსარჩელეს დააკისრა ქართული მხარის იურიდიული და საარბიტრაჟო ხარჯების გადახდის ვალდებულება 5,924,193 აშშ დოლარის ოდენობით,” - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

წერილში წარმოდგენილი არაა გადაიხადა თუ არა უკვე ან როდის გადაიხდის აღნიშნული კომპანია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციას.

ერთზე მეტია იმ დავების რაოდენობა, რომლებიც საქართველომ წააგო.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 24 საარბიტრაჟო დავა, ამ დავებიდან 2 დავა სრულად საქართველოს წაგებით დასრულდა, 4-ში კი მოსარჩელე მხარესთან მორიგება გადაწყდა. ჯამურად ამ დავებში საქართველოს 47.6 მილიონი დოლარის, 9.2 მილიონი ევროს და 1.1 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა დაეკისრა.

რაც შეეხება მიმდინარე საარბიტრაჟო დავებს, მათი რაოდენობაა 6, აღნიშნული დავების სია ასეთია:

1) „Gardabani Holdings B.V.“, “Inter RAO UES PJSC“ და სს „თელასი“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ წინააღმდეგ“ და „Gardabani Holdings B.V.“ და „Silk Road Holdings B.V.” საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $210 მილიონი დოლარი;

2) „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;

3) მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი

4)  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;

5) "ანაკლიის განვითარების კონსორციუის" ინვესტორის ბობ მეიერის დავა - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;

6) „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ დავაში მოსარჩელეს ჯერ არ დაუკონკრეტებია ზიანის ოდენობა. მოსარჩელის განცხადებით, ზიანის ოდენობა განისაზღვრება დავის პროცესში.