მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარსებო მინიმუმი 192,9 ლარამდე გაიზარდა - რა მეთოდოლოგიური ხარვეზები აქვს გამოთვლას?

5dd0ee94b2e9a
ირაკლი მაკალათია
17.11.19 12:40
3929
2019 წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმმა 192,9 ლარი შეადგინა, რაც საარსებო მინიმუმის სარეკორდო მაჩვენებელს წარმოადგენს. მიუხედავად ყველაზე მაღალი ნიშნულისა, ცხადია ასეთი მცირე მაჩვენებლის პირობებში დიდია საზოგადოების უკმაყოფილება და საარსებო მინიმუმის გამოთვლის მიმართ კრიტიკა. სანამ საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ დავწერთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საარსებო მინიმუმი წლებია არის მხოლოდ ემოციური მაჩვენებელი, რადგან ის არ არის მიბმული მთავრობის არც ეკონომიკურ და არც სოციალურ პოლიტიკას. სიღარიბის დონე, პენსიები, შემწეობები თუ სხვა მაჩვენებლები არ გამოითვლება და არ კორექტირდება საარსებო მინიმუმის მიმართ. ამიტომაც, საარსებო მინიმუმის ცვლილებით არაფერი არ იცვლება და ის მხოლოდ საზოგადოების განხილვის საგანი შეიძლება გახდეს.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგია:

საარსებო მინიმუმი გამოითვლება მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით. მინიმალური სასურსათო კალათის რეკომენდებული შემადგენლობა შრომისუნარიანი მამაკაცისათვის შეადგენს 2300.0 კ.კალორიას დღიური მოხმარებისათვის და შედგება 40 დასახელების პროდუქციისაგან (პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ხილი, ტკბილეული და სხვ.)

პირველ რიგში ხდება მინიმალური სასურსათო კალათის საკვები პროდუქტების ფასების დათვლა საქართველოს 5 ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) გასაშუალოებული ფასებით. მიღებული ფასები წარმოადგენს თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყანაში.

შემდეგ ანგარიშობენ შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცზე სასურსათო კალათის საშუალო თვიურ ღირებულებას (პროდუქტის ფასისა და მინიმალურად აუცილებელი რაციონის მიხედვით), რომელიც მიიღება კალათაში შემავალი პროდუქტების თვიური ნორმისა და თითოეული ამ პროდუქტის საშუალო ფასის ნამრავლით.

ბოლოს კი მინიმალური სასურსათო კალათის თვიური შუალედური ღირებულება მრავლდება შევაჭრების კოეფიციენტზე, აღნიშნული კოეფიციენტი შეადგენს 0.865-ს.

საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით. არასასურსათო კალათის ღირებულება გამოითვლება შემდეგი პროპორციიდან.

0.7 _ მიღებული სასურსათო კალათის ღირებულება (ლარი).
0.3 _ (X) ლარი.

საბოლოო გამოთვლა კი ხდება გაანგარიშებული სასურსათო კალათისა და პროპორციის შედეგად გამოთვლილი არასასურსათო კალათის ღირებულებების ჯამით.

საარსებო მინიმუმი = სასურსათო კალათის ღირებულება + არასასურსათო კალათის ღირებულება.

რა ხარვეზებია საარსებო მინიმუმის გამოთვლაში და რა მიმართულებით უნდა მოხდეს მისი მეთოდოლოგიური ცვლილება?

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება საჭიროებს თავიდან გადაიხედოს მისი გამოთვლის შემდეგი საკითხები:

1. პირველ რიგში უნდა მოხდეს შრომისუნარიანი მამაკაცისათვის განსაზღვრული კვების პროდუქტების კკალორიულობის დღიური ნორმის დადგენა. დღეს ის 2300.0 კკალორიას შეადგენს და გამოსარკვევია, რამდენად უზრუნველყოფს ადამიანის შრომისუნარიანობის შენარჩუნებას.

მოცემული სამუშაო მოიცავს:

ა) მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენელი კვების პროდუქტების ჩამონათვალის დაზუსტებას.
ბ) თითოეული ჩამონათვალი პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრასა და საკვები პროდუქტების კ/კალ საერთო რაოდენობის დადგენას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ცხოვრების სტანდარტების მატებისა და არასასურსათო პროდუქტებზე არსებული მაღალი მოთხოვნილებების ფონზე, უნდა მოხდეს სასურსათო კალათის გადასინჯვაც და საჭიროების შემთხვევაში მისი განახლება.

2. მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების მიხედვით საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას გადასასინჯია სასურსათო ხარჯების წილი საარსებო მინიმუმში (70/30). საარსებო მინიმუმში მინიმალური სასურსათო კალათისა და არასასურსათო ხარჯების წილი (70/30) XX საუკუნის 90-იან წლებში განისაზღვრა და მას შემდეგ ეს მეთოდი გამოიყენება, რაც უკვე მოძველებულია და თავიდან გადახედვას მოითხოვს, ვინაიდან მცირდება სამომხმარებლო ხარჯებში სურსათზე გაწეული ხარჯების წილი და საპირისპიროდ იზრდება არასასურსათო ხარჯები (ტანსაცმელი, კომუნალური გადასახადები, მედიკამენტები, ტრანსპორტი და სხვ.) ამის დასტურია შემდეგი თანაფარდობები: საშუალოდ ერთ მოსახლეზე მთლიან ხარჯებში სურსათზე გაწეული ხარჯების წილი 1997 წელს შეადგენდა 53.5%-ს, ხოლო 2018 წელს _ 25.0%-ს. თუ საშუალო მომხმარებლის მიერ სურსათის შეძენაზე გაწეული ხარჯები სამომხმარებლო ხარჯებში მცირდება, ეს უნდა აისახოს საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასურსათო ხარჯების თანაფარდობაზეც.

3. მინიმალური სასურსათო და არასასურსათო კალათების განხილვისას, საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის კორექტირებისათვის მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ცვლილება იქნებოდა მინიმალური არასასურსათო კალათის განსაზღვრა, თუნდაც იმიტირებული კალათის შექმნა, სადაც მოცემული იქნებოდა არასასურსათო პროდუქტების შემდეგი ჯგუფები: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; მინიმალურად აუცილებელი საყოფაცხოვრებო საქონელი; მედიკამენტები; აუცილებელი პირადი ჰიგიენური ნივთები და მომსახურება; კომუნალური და ტრანსპორტირების ხარჯები.

საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

მოსახლეობის ცხოვრების დონის განხილვისას, შეიძლება გამოვყოთ ოთხი დონე: მდიდარი ფენა, საშუალო ფენა, სიღარიბე და სიღატაკე. საქართველოში შექმნილი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის მიხედვით, სწორედ ბოლო ორი კატეგორიაა ყველაზე აქტუალური და ამავდროულად მტკივნეული თემები.

სიღარიბე გულისხმობს მოსახლეობის იმ პირობებს, სადაც შესაძლებელია ადამიანის მხოლოდ შრომისუნარიანობის შენარჩუნება. იგი წარმოადგენს სამუშაო ძალის კვლავწარმოების ქვედა ზღვარს, ხოლო ამ ზღვარის გავლება ხდება საარსებო მინიმუმით, შესაბამისად საარსებო მინიმუმი წარმოადგენს ფულადი სახსრების მინიმუმს, რომელიც აუცილებელია ადამიანის შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის. ის წარმოადგენს მოსახლეობის ცხოვრების დონის ზღვარს, გავლებულს საშუალო ფენასა და ღარიბებს შორის.