14.იანვარი .2022 19:50

საარსებო მინიმუმი 223 ლარია - საქსტატი

საარსებო მინიმუმი 223 ლარია - საქსტატი
views 702
უკან

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, დეკემბრის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 223.5 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 31 ლარით, ანუ 16%-ით მეტია. ეს თავად საარსებო მინიმუმის  ზრდის ტემპის რეკორდული მაჩვენებელია, რაც ქვეყანაში გაძვირებულ ცხოვრებაზე მეტყველებს. 

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც დეკემბერში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი - 13.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. განსაკუთრებულად მაღალია და 15.6%-ს შეადგენს ფასების წლიური მატება სურსათის ჯგუფში, რომელიც საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში წამყვან ადგილზეა. 

დეკემბრის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 198 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 27.4 ლარით არის გაზრდილი. 

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს? 

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს. 

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია. 

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების მინიმალური საარსებო რაციონის ღირებულებას ეფუძნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა