მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საარსებო მინიმუმს მაინცდამაინც არ ვცნობ.. საბჭოთა პერიოდში იყო ე.წ. "პრაჟიტაჩნი მინიმუმი" - მაჭავარიანი

5dcc28c2acac3
თელარა გელანტია
13.11.19 20:05
1468
„მე საარსებო მინიმუმზე არ გავაკეთებ კომენტარს, რამდენი უნდა იყოს, რადგან მაინცდამაინც არ ვცნობ ამ საზომს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა პარლამენტში დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარსებო მინიმუმის ზომას შეეხებოდა.

„მე საარსებო მინიმუმზე არ გავაკეთებ კომენტარს რამდენი უნდა იყოს, რადგან მაინცდამაინც არ ვცნობ ამ საზომს. ეს არის არასწორი საზომი. საერთაშორისო პრაქტიკაში არ ვრცელდება, ერთეულ ქვეყნებს აქვთ... იგივე პრობლემას უცხოეთშიც უყურებენ მაგრამ არა ამ საზომით, არამედ სიღარიბის დონით, ჯინის კოეფიციენტით და ა.შ. საბჭოთა პერიოდში იყო ე.წ. პრაჟიტეჩნი მინიმუმი და ა.შ. და ამის ინერციაა, თუმცა აქედანაც შეიძლება შეხედვა.

საქსტატი იძახის 185 ლარია საარსებო მინიმუმიო და ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო.. მე მგონი, კომენტარი უნდა გავაკეთო იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის დონე მცირდება ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტი დინამიკა გვჭირდება და თქვენ თუ ამას მეკითხებით იმ კონტექსტში, რომ მინიმალურ ხელფასის თემას მიაბათ, წინასწარვე გეტყვით, რომ არ ვეთანხმები მინიმალური ხელფასის საკითხს, ამიტომ მიაბით, რამდენიც გინდათ“, - უპასუხა მინისტრმა დეპუტატს.

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალურ ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2019 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 355.9 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ის 374.8 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის დანახარჯების სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:

პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
ლობიო - თვეში 600 გრამი;
ბრინჯი - თვეში 300 გრამი;
მაკარონი - თვეში 450 გრამი;
ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;
ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;
ძეხვი - თვეში 300 გრამი;
კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;
კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;
მაწონი - თვეში 750 გრამი
სრული რაციონი იხილეთ ბმულზე.

საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება.

რამდენიმე კვირის წინ BMG-ისთან საუბარში "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის ახალი მეთოდოლოგიის დამტკიცება მთავრობის პრეროგატივას წარმოადგენს.

ახალი მეთოდოლოგიის შექმნას კი, ის გარემოება აფერხებს, რომ "საარსებო მინიმუმის" დათვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და ამ მაჩვენებელს დღეს მხოლოდ პოსტ-საბჭოთა ქვეყნები ითვლიან.

საქსტატი ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე მთავრობასთან ერთად მუშაობისთვის მზად არის.

"ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია და საერთაშორისო პრაქტიკა საარსებო მინიმუმის დათვლისთვის. ის ძირითადად ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იანგარიშება. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში ჩვენ სრულიად დაფუძნებული ვართ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მინიმალურ სასურსათო კალათაზე, რაც შეეხება მეთოდოლოგიას, შემდეგ როგორ ხდება არასასურსათო მდგენელის დამატება, თანაცხოვრების კოეფიციენტების გათვალისწინება, ეს მეთოდოლოგიის ნაწილია, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის დადგენილების მიხედვით და მისი შეცვლა არ არის მხოლოდ საქსტატის უფლებამოსილება. ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო საქსტატთან ერთად უნდა იყოს ინიციატორი მეთოდოლოგიის ცვლილების. ჩვენ, საქსტატი, გამოვხატავთ მზადყოფნას აღნიშნული მაჩვენებლის შემდგომი განვითარების მიმართულებით", - ამბობს თოდრაძე.