მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა არჩევნების პერიოდს ემთხვევა - ანდრია ურუშაძე

6092b6dc099fe
ელენე გოგბერაშვილი
05.05.21 20:50
669
საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასით გაიზარდა და 2021 წლის მარტში 541,000-ს პირველად გადააჭარბა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს, მათ მარტში შემწეობის სახით 30.15 მილიონი ლარი დაურიგდათ.

ჯანდაცვის სამინისტროში სტატისტიკის გაუარესების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შემწეობის მიმღებ ოჯახებთან მიმართებაში ადმინისტრირების შეჩერებას ასახელებს.

„პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრის თვიდან არ ხდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება და უწყვეტად გრძელდება საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სხვადასხვა წყაროდან მიღებული და/ან აღმოჩენილი დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ.

ამასთან, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ყველაზე მოწყვლადი ოჯახების უკეთ იდენტიფიცირების მიზნით, პანდემიის პირობებში გამარტივდა მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და საარსებო შემწეობის მიღების უფლების მოპოვების შემთხვევაში დანიშვნის პროცესი ხორციელდება ავტომატურად. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია ერთი მხრივ, შემწეობის მიმღებ ოჯახებთან მიმართებაში ადმინისტრირების პროცედურების შეჩერებასთან და მეორე მხრივ, ახალი მოწყვლადი ოჯახების იდენტიფიცირების გამარტივებულ წესებთან“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანდაცვის სპეციალისტებს სამინისტროს მიერ გამოგზავნილ პასუხსა და სტატისტიკას შორის ლოგიკური კავშირის დადგენა უჭირთ. ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდაზე განსაკუთრებული გავლენა გასული წლის ოქტომბრის არჩევნებს ჰქონდა.

„ეს ზრდა ემთხვევა არჩევნების თარიღს. ეს რომ იყოს თანმიმდევრული ზრდა, იანვრიდან დაწყებული, მაშინ გასაგებია. თუ გადამოწმება აღარ ხდება, ეს რაოდენობა უნდა იზრდებოდეს, მაგრამ ნახტომისებური ზრდა ოქტომბრიდან განსაკუთრებით ნიშნავს იმას, რომ არჩევნების პროცესმა გარკვეული გავლენა მოახდინა როგორც დანიშვნაზე, ისე დახმარების მიმღებების რაოდენობაზე. კოვიდის შედეგად რეალურად იზრდება სიღარიბის მაჩვენებელი და იმათი რიცხვი, ვინც გაღარიბდა.

თუმცა ამ პროგრამას ერთი თავისებურება აქვს, მას უფრო ხანგრძლივი ქრონიკული სიღარიბის დაჭერა შეუძლია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ზუსტად რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ პროგრამიდან და საჭიროა თუ არა სხვა პროგრამების წამოწყება, რადგან ეს პროგრამა არის უკიდურესი სიღატაკის შემცირების პროგრამა, ის ამცირებს უფრო სიღატაკის სიღრმეს, მაგრამ ის, რასაც სიღარიბის შემცირება ჰქვია გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს სხვა სპეციალური დეტერმინატებით უნდა მოხდეს, ესაა ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები განათლებაში, მათ შორის  ამ თანხის ეფექტიანი გამოყენება, როდესაც მართლა მისამართულად მიდის თანხა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის“, - აცხადებს ანდრია ურუშაძე.