მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საათობრივი შეზღუდვის გამო შემოსავლის 70%-ს ვკარგავთ” - ბარები მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

60d21cffecdd3
მარიამ ადამია
22.06.21 23:30
854
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივლისიდან კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ ბარებისა და რესტორნებისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნები, კაფეები და ბარები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ. ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, მოლოდინი იმისა, რომ ზაფხულის სეზონზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შემდეგ მუშაობას სრული დატვირთვით შეძლებდნენ, არ გამართლდა. ყველაზე მძიმედ ამ გარემოებას ბარები აღიქვამენ, ბიზნესი, რომელიც ძირითადი შემოსავლის მიღებას სწორედ ღამის საათებში ახერხებდა.

როგორც ბარ “მეობას” დამფუძნებელი ნიკოლოზ მამეიშვილი ამბობს, მოგებაზე საუბარი დღესაც რთულია, მისი თქმით, ეს ინდუსტრია გადარჩენისთვის მუშაობს. მამეიშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს სამუშაო საათები შეზღუდული აქვთ, შემოსავლის ძირითადი ნაწილი იკარგება.

“ჩვენი ყოველი თვე სრულდება მინუსით, ვალდებულებები ისევ გვაქვს როგორც მეიჯარეების, ასევე ბანკებისა და თანამშრომლების მიმართ. შესაბამისად, საერთოდ არანაირ მოგებაზე არ არის საუბარი, ისევ გადარჩენაზე ვსაუბრობთ. ბრძოლა გადარჩენისთვის ყოველდღიურად მიმდინარეობს. საათობრივი შეზღუდვის გამო შემოსავლის 70%-ს ვკარგავთ, ვმუშაობთ მხოლოდ 30%-იანი დატვირთვით. ფაქტია, საერთოდ არ ითვალისწინებენ ჩვენი სფეროს გამოწვევებს და პრობლემებს. ორი ვარიანტი მაქვს, ან უბრალოდ არ იციან რას აკეთებენ ან მეორე მიზანმიმართულად ანგრევენ ამ სფეროს", - აცხადებს ბარ “მეობას” დამფუძნებელი ნიკოლოზ მამეიშვილი.