მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბა ბუაძე: კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათი კორუფციის ნიშნებს შეიცავს

60f19b996d605
BM.GE
16.07.21 19:20
992
საქართველოს მთავრობამ თბილისში სამორინეს მოსაკრებლის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. თუკი აქამდე სამორინეს სანებართვო და სალიცენზიო მოსაკრებელი თბილისში 5 მილიონი ლარი იყო, ახალი წესის მიხედვით, მისი ღირებულება 2.5 მილიონი ლარი გახდა. ფინანსთა სამინისტრომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს განაცხადა, რომ მისი მიზანი პანდემიისგან დაზარალებული კაზინოების სტიმულირებაა.

ამ გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი საბა ბუაძე. მისი განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც მთავრობამ სხვა სექტორებში დაზარალებული ბიზნესების მხარდასაჭერად საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე უარი თქვა, მოულოდნელად კაზინოებს სალიცენზიო მოსაკრებლების საფასური გაუნახევრდათ.

“ჩვენი ბრიფინგის საპასუხოდ ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თურმე იმიტომ ჩამოაწერეს თბილისში კაზინოებს 5 მილიონი ლარი, რომ პანდემიის დროს დახურულები იყვნენ და ფინანსური სიძნელეები შეექმნათ. ამ სავარაუდო კორუფციულ ქმედებას ახლა აპრავებენ იმით, რომ აზარტული თამაშების ბიზნესს თურმე სირთულეები შეექმნა, მაგრამ რატომღაც გადასახადი ჩამოაწერეს თბილისში მდებარე კაზინოებს. ცნობისთვის, 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ჯამურმა ბრუნვამ შეადგინა 31 მილიარდი ლარი.

ყველას კარგად გვახსოვს პანდემიის გამო დახურული და გაკოტრებული ბიზნესები, გვახსოვს მათი მეპატრონეების სასოწარკვეთილი სახეები და ცრემლიანი თვალები, მაგრამ მაშინ მთავრობამ ამ ხალხს ელემენტარული დახმარება არ გაუწია და ბედის ანაბარა დატოვა.

სინამდვილეში, ღარიბაშვილმა კაზინოებს 5 მილიონი ლარი აჩუქა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ მათთან დაკავშირებულმა პირებმა გააგრძელონ ქართული ოცნების შავი პარტიული ყულაბის დაფინანსება,”- განაცხადა საბა ბუაძემ.

ფიზიკური კაზინოებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის შემცირების პარალელურად, მთავრობა ამკაცრებს რეგულირებას ონლაინ აზარტული თამაშების, კერძოდ კი უცხოეთში აზარტული თამაშების სერვისების მიმწოდებელი კომპანიების მიმართულებით. რისთვისაც, პარლამენტი დაჩქარებული წესით განხილავს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს.