მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბაჟო კონტროლში რობოტი მებაჟე ოფიცრის უფრო აქტიურად ჩართვა იგეგმება - ხუციშვილი

641c196a74fab
ვიქტორია მღებრიშვილი
23.03.23 14:41
671
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბაჟო კონტროლის საქმიანობაში რობოტი მებაჟე ოფიცრის უფრო აქტიურად ჩართვა იგეგმება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, შემოსავლების სამსახურმა საბაჟო პროცესების ავტომატიზაცია ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის ტექნოლოგიის გამოყენებით დაიწყო და საბაჟო სისტემების ციფრული ტექნოლოგიებით სრულყოფის პროცესში, პირველი ე.წ. რობოტი მებაჟე ოფიცერი შეიქმნა.

„ხელოვნური ინტელექტის ფუნქციაა დოკუმენტების მიღება, გაციფრულება, მომხმარებლის ინფორმირება დოკუმენტში ხარვეზთან დაკავშირებით და დეკლარაციის დაბეჭდვა. სამომავლოდ იგეგმება რობოტი მებაჟე ოფიცრის საბაჟო კონტროლის საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, საქონლის წინასწარი დეკლარირების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა დეკლარანტების/მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დაშვებული პირებისთვის უპირატესი, განსხვავებული საფასურების შემოღება და გაზარდა იმ პროცედურების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისას, შესაძლებელია საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.

შეგახსენებთ, რომ საბაჟო საქმიანობაში რობოტ მებაჟე ოფიცრის ჩართვაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ხუნდაძემ თებერვლის ბოლოს გადაცემა „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ის ამბობდა, რომ რობოტი საქმიანობაში შესაძლოა მარტის შუა რიცხვებიდან ჩართულიყო. ვლადიმერ ხუნდაძის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის საბაჟო საქმიანობაში დამატება მათ ექსპორტის 70%-ის დაფარვაში დაეხმარებათ. „რობოტი შეასრულებს იმ ფუნქციას, რასაც აქამდე მებაჟე ოპერატორი აკეთებდა, ამავე დროს ის შეძლებს თითქმის იმავე რაოდენობის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემას...“ - განმარტა ხუნდაძემ.

საბაჟოს რობოტი თანამშრომელი ეყოლება - „მიზანია, ადამიანებს მხოლოდ ადამიანური სამუშაო დავუტოვოთ“