22.სექტემბერი .2020 10:31

საბანკო ასოციაცია FinCEN-ში ქართული ბანკების საეჭვო ტრანზაქციებზე განცხადებას აქვეყნებს

views 548
უკან

საქართველოს საბანკო ასოციაცია ფულის გათეთრების შესახებ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშ FinCEN-ს პასუხობს. ასოციაცია აცხადებს, რომ ქართული ბანკები ქართული კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობენ, ხოლო ყველა ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აწვდის. 

ამასთან, საბანკო ასოციაცია აცხადებს, რომ ქართულ ბანკებზე საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში არსებული საეჭვო ტრანზაქციების მხოლოდ 0.08% მოდის. 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საბანკო სფეროს საქმიანობას მკაცრი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც არეგულირებს ბანკების მხრიდან ყველა ქმედებას, მათ შორის, ტრანზაქციების განხორციელებასაც. საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ყველა ბანკი აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აწვდის. მონიტორიგი და ანგარიშგება ხორციელდება ხსენებული კანონმდებლობის და რეგულაციებით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით.

ICIJ-ის ანგარიშში, რომელშიც გამოყენებულია ბანკების მიერ მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საუბარია 2007 - 2016 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რომელთა მთლიანი მოცულობიდან საქართველოზე 0.08% მოდის.

საყურადღებოა, რომ ICIJ-ის ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ ეს გადარიცხვები შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევის გარეშე ვერ ჩაითვლება დარღვევად. კლიენტის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ბანკები ვერ გაასაჯაროვებენ აღნიშნული ტრანზაქციების დეტალებს.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასოციაციის წევრი ბანკები მოქმედებენ კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად და მზად არიან თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია საბანკო ასოციაციის განმარტებაში.

FinCEN-ის შესახებ:

FinCEN-ი ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპისა და აშშ-ის, ასევე, აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. მონაცემთა მნიშვნელოვანი ნაწილი Deutche Bank-ის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდება.

FinCEN-ის მონაცემებში შედის საქართველოს ბანკების მიერ აშშ-ის ბანკებიდან მიღებული ან აშშ-ის ბანკებში გადარიცხული თანხებიც, რომლებმაც “საეჭვო ტრანზაქციის” კლასიფიკაცია მიიღეს. 

FinCEN-ის ანგარიშის მიხედვით, გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიერ მოპოვებული $2 ტრილიონი დოლარის მოცულობის საეჭვო ტრანზაქციიდან თანხის წარმომავლობისა და გადარიცხვების ზუსტი ჯაჭვის შესახებ მხოლოდ $35 მილიარდის მოცულობის ტრანზაქციებზე შეიძლება მონაცემების აღდგენა. ამ ტრანზაქციებიდან კი ქართული ბანკების გავლით $27 მილიონი დოლარის გადარიცხვები შედგა. კერძოდ, კი, ანგარიშში შემდეგი მონაცემები არის წარმოდგენილი:

● 2007-2011 წლები, 161 გადარიცხვა TBC Bank-იდან Habib Bank Zurich-ში, გადარიცხვების მოცულობა $16,084,899 აშშ დოლარი;
● 2016 წლის ოქტომბერი - 2016 წლის დეკემბერი, 13 გადარიცხვა Raiffeisenbank-იდან "საქართველოს ბანკში", ტრანზაქციების მოცულობა $7,628,334 აშშ დოლარი.
● 2012-2013 წლებში 5 გადარიცხვა The National Bank of Ras(Ras Al-Khaimah, Uae-დან TBC Bank-ში, გადარიცხვების მოცულლობა $1,012,080 აშშ დოლარი;
● 2012 წლის დეკემბერში, 1 გადარიცხვა TBC ბანკიდან Sberbank of Russia-ში, გადარიცხვის მოცულობა $1,800,000 აშშ დოლარი;
● 2011 წელი - 2 გადარიცხვა "საქართველოს ბანკიდან" Habib Bank A G Zurich-ში, გადარიცხვების მოცულობა $81,000 აშშ დოლარი;
● 2016 წელი - 10 გადარიცხვა "პროკრედიტ ბანკიდან" საქართველოს ბანში, გადარიცხვების მოცულობა $414,418 აშშ დოლარი.

ამ ტრანზაქციების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაში დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად უცნობია ჰქონდა თუ არა ამ გადარიცხვების "საეჭვოდ" იდენტიფიცირებას რეალური საფუძველი.

რა არის საეჭვო გადარიცხვები?

საეჭვო გადარიცხვების შესახებ მიმართვის გაკეთება კომერციული ბანკების ვალდებულებას წარმოადგენს, თუკი კომერციული ბანკის უსაფრთხოების ალგორითმი დააფიქსირებს ისეთ გადარიცხვას, რომლის გარემოებებიც თანხის წარმოშობასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვის ნიშნებს შეიცავს. საეჭვო ტრანზაქციის შესახებ მიმართვის შემდგომ უკვე ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის პასუხისმგებლობაა გამოძიოს და შეისწავლოს, ატარებდა თუ არა კონკრეტული საეჭვო ტრანზაქცია არალეგალურ სახეს. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში საეჭვო იდენტიფიცირებულ ტრანზაქციებს შორის შედის გადარიცხვები, რომლებიც რუსულ Sberbank-თან არის დაკავშირებული. თავის მხრივ, "სბერბანკი" რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული ბანკია, რომელზეც რუსეთზე დაწესებული ფინანსური სანქციების ნაწილი ვრცელდება. ამ ბანკში განხორციელებული ტრანზაქციები კი, თავის მხრივ, მომეტებული რისკის მქონე ტრანზაქციად შეიძლება იყოს შეფასებული.

რაც შეეხება შვეიცარიულ Habib Bank-ს, ის პაკისტანელი მილიარდერების -  ჰაბიბების ოჯახს ეკუთვნის. ბანკი წარსულში არაერთხელ იყო დაკავშირებული საეჭვო ხასიათის ტრანზაქციებთან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა