მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაცია ICIJ-ის მიერ ფულის გათეთრებისა და საეჭვო ტრანზაქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

5f68f009d934c
BM.GE
21.09.20 22:23
733
საბანკო ასოციაცია ICIJ-ის მიერ ფულის გათეთრებისა და საეჭვო ტრანზაქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს საბანკო სფეროს საქმიანობას მკაცრი შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც არეგულირებს ბანკების მხრიდან ყველა ქმედებას, მათ შორის, ტრანზაქციების განხორციელებასაც, – „საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ყველა ბანკი აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აწვდის. მონიტორიგი და ანგარიშგება ხორციელდება ხსენებული კანონმდებლობისა და რეგულაციებით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით.

ICIJ-ის ანგარიშში, რომელშიც გამოყენებულია ბანკების მიერ მონიტორინგის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საუბარია 2007 - 2016 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რომელთა მთლიანი მოცულობიდან საქართველოზე 0.08 პროცენტი მოდის.

საყურადღებოა, რომ ICIJ-ის ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ ეს გადარიცხვები შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევის გარეშე ვერ ჩაითვლება დარღვევად. კლიენტის კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, ბანკები ვერ გაასაჯაროვებენ აღნიშნული ტრანზაქციების დეტალებს.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ასოციაციის წევრი ბანკები მოქმედებენ კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად და მზად არიან თანამშრომლობისთვის“, – წერია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ICIJ-ის დოკუმენტი ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპისა და აშშ-ის, ასევე, აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში შედის საქართველოს ბანკების მიერ აშშ-ის ბანკებიდან მიღებული ან აშშ-ის ბანკებში გადარიცხული თანხებიც, რომლებმაც “საეჭვო ტრანზაქციის” კლასიფიკაცია მიიღეს. მონაცემთა მნიშვნელოვანი ნაწილი Deutche Bank-ის მიერ განხორციელებულ ოპერაციებს უკავშირდება.