მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაცია კაპიტალის მოთხოვნის აღდგენის გადავადებას მოითხოვს

60991c757951e
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.21 15:52
909
საქართველოს საბანკო სისტემა რეგულაციების აღდგენის გადავადებას მოითხოვს - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არსებულ კრიზისულ ვითარებაში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ისეთი რეგულაციები, როგორიცაა კაპიტალის მოთხოვნის აღდგენა, ვადაში გადაიწევს.

“ქვეყანა დგას საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე, რაც ინფლაციის მაჩვენებელის ზრდასთან ერთად, იმპორტის ზრდის დისბალანსს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგულაციების ნაწილში მაქსიმალურად შევარბილოთ მოთხოვნები.

საბანკო სისტემაში, როგორც იცით, უკვე დაგეგმილი რეგულაციების ფონზე წელს, როგორც 2021 წელს დაგემილი, ასევე გადავადებული რეგულაციები გველოდება და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, იგივე კაპიტალის მოთხოვნების აღდგენასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანი იქნება თუ ეს მოთხოვნა ვადაში უფრო მეტად გადაიწევს და უფრო გრძელი გრაფიკი ექნება. მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ დღეს საბანკო სისტემას კაპიტალიზატორის როლი აქვს ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის დროს ეკონომიკური ზრდა არ უნდა დავაზიანოთ.

დიდი იმედი მაქვს, საგადასახადო ზრდის მიმართულებით არ გადაიდგმება ნაბიჯები, რადგან ეს  ეკონომიკური ზრდის ტემპს კიდევ დააზიანებს,” - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

2020 წლის მარტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სისტემას კაპიტალის მოთხოვნები შეუმცირა. კერძოდ, კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილი (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმდა.

ამ გადაწყვეტილების შედეგად, კომერციული ბანკებისთვის მაშინ 1.6 მილიარდი ლარის კაპიტალი გამოთავისუფლდა, რაც ბანკებმა ძირითადად სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შესაქმნელად გამოიყენეს. 

2021 წლის თებერვალში კი ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, სებ-ი 2021 წლის 2 ივნისს მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბანკებს ეს კაპიტალის ბუფერები ეტაპობრივად აღუდგეთ.

"სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად ბანკებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 წელი მიეცემათ, ხოლო კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი - 2 წელი," - ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. სწორედ ამ მოთხოვნის გადავადებას მოითხოვს საქართველოს საბანკო ასოციაცია, რადგან მათი აღდგენის შედეგად ბანკებს სოლიდური დანახარჯების გაღება მოუწევთ.