მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაცია: ლარში გასაცემ სესხებზე ზღვარი 100 000 ლარამდე უნდა შემცირდეს

5dd558f913d23
დავით ჯალაღონია
20.11.19 20:26
2113
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის აზრით, ეროვნულ ვალუტაში გასაცემ სესხებზე ზღვარი 200 ათასიდან 100 ათას ლარამდე უნდა შემცირდეს და ამ მიზნით, მთავრობამ და პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს. ამის შესახებ ძნელაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოხსენების შემდეგ განუცხადა.

ძნელაძე მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტული ზღვარის შემცირება და სებ–ის რეგულაციების გადახედვა, ლარის კურსის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს.

"მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს ეს ზღვარი და მის შემცირებასთან ერთად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამომხმარებლო სესხების გაცემის წესში, მაღალშემოსავლიან პირებზე, ვალუტის სესხზე მოთხოვნები შეიცვალოს, სესხთან მიმართებაშიც და უზრუნველყოფასთან მიმართებაშიც, რათა მაღალშემოსავლიანი პირებისთვის, რომლებიც მოწყვლადები არ არიან, უცხოურ ვალუტაში სესხის აღების შესაძლებლობა გაიზარდოს, რადგან ისინი უფრო მეტად არიან გათვითცნობიერებულნი, ფინანსური ცოდნა გააჩნიათ და შეუძლიათ, თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, რამდენად სურთ სავალუტო რისკების აღება", – განაცხადა ძნელაძემ.

გარდა ამისა, ძნელაძის აზრით, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმა კიდევ უნდა შეუმციროს.

"არის რეკომენდაცია, რომ ეს ნორმა 25-დან 20%–მდეც შემცირდეს, რაც ბანკებში მეტ ვალუტას გამოათავისუფლებს და უფრო მეტ მოტივაციას გააჩენს, რომ მეტი სავალუტო სესხები გაიცეს, ანუ მეტი ვალუტა გაჩნდეს ეკონომიკაში.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ისედაც ინტერესს აჩენს ლარში ინვესტიციაზე, აქედან გამომდინარე, ლარის დეფიციტურობას ხელს უწყობს და თუ გვექნება საშუალება, რომ 200 000–დან 100 000 ლარამდე ჩამოვიდეს ეს ზღვარი, უფრო მეტი სესხის გაცემა იქნება შესაძლებელი უცხოურ ვალუტაში", – განაცხადა ძნელაძემ და დასძინა, რომ ამ ზღვარის შემცირება ვერ იქნება ისეთი შედეგიანი, თუ ეროვნული ბანკი მის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებსაც არ გადახედავს.