მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო ასოციაცია სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შემცირებით მომხმარებელთა 50%-ით კლებას ელის

62ebb8ea2978d
თათია ჩაფიჩაძე
04.08.22 16:29
1404
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის 4-დან 3 წლამდე შემცირება აღნიშნული პროდუქტების მომხმარებელთა რიცხვს 50%-ით შეამცირებს. ამის ფონზე კი უზრუნველყოფილი სესხების წილი გაიზრდება.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, ახალი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. შედეგად სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. მიზეზი მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის გამო ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირებაა.

„უკანასკნელი ორი კომიტეტის წინ იყო ანონსირებული რეზერვების ზრდა, რაც ძალიან მტკივნეული იქნება საბანკო სექტორისთვის. ამის შემდგომ მუდმივად მიდიოდა ეროვნულ ბანკთან იმ მაჩვენებლებზე დაკვირვება, რაც ყოველთვიურ რეჟიმში ზრდის ტემპის მიმართულებით არსებობდა როგორს სამომხმარებლო, ისე უცხოური ვალუტის სესხებთან მიმართებით.

ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად შეჯერებული იყო სექტორთან, მე ვიტყოდი რომ იმ გადაწყვეტილებებიდან რაც იყო განხილული, მათ შორის რეზერვების ზრდა, ყველაზე უმტკივნეული გადაწყვეტილებაა, თუმცა საკმაოდ მძიმედ აისახება იმ პროდუქტებზე, რა პროდუქტებიც არის დღევანდელი მდგომარეობით შეთავაზებული სექტორის მხრიდან მომხმარებლისთვის.

მომხმარებლებს შეუმცირდებათ იმ სესხის მოცულობა, რა სესხის აღებასაც შეძლებენ ისინი. ბრძანების სახით ჯერ არ მინახავს და გამიჭირდება თქმა რა გამონაკლისები შეიძლება იყოს შიგნით, მაგრამ 4-წლიანის 3 წლამდე შემცირება შეეხება არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს. ხშირ შემთხვევაში 4-წლიანი სესხით მომხმარებელი იბალანსებდა ყოველთვიურ გადასახადს და ნაწილობრივ რეფინანსირებას ახდენდა არსებული დავალიანებების, იმატებდა გარკვეულ თანხას, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი რაოდენობა ამას ვერ შეძლებს. მცირე შემოსავლიან პირებთან მიმართებით კიდევ ერთი გადაწყვეტილება იყო, იცით რომ 1000-დან 1500 ლარამდე გაიზარდა 25% იანი კოეფიციენტის გამოყენება სესხის გაცემის დროს, ამიტომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ვერ მიიღებს სესხს.

ვის შეეხება, რა ფორმატით იქნება, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ არსებული მსესხებლების ნახევარს მნიშვნელოვნად შეეხება გადაწყვეტილება. შედეგად შესაძლებელია, რომ მეტი ზეწოლა მოხდეს უზრუნველყოფილ სესხებზე, არამხოლოდ იპოთეკურის მხრივ, არამედ ავტო სესხების მიმართულების გააქტიურებას ველოდებით, იმიტომ რომ მოთხოვნა არსებობს და ეს მოთხოვნა მზარდია.

სამომხმარებლო მიმართულებით ეს მოთხოვნა სხვადასხვა ფაქტორით გამომდინარეობს, გახსოვთ რომ 2018 წელს მივიღეთ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ახალი წესი, რომელმაც გარკვეულწილად 2 წლის განმავლობაში შემცირებისკენ წაიყვანა სამომხმარებლო სესხების პორტფელი, შემდეგ პანდემია დაიწყო და ზრდის ტემპი დაბალი იყო, ამიტომ შესაძლებელია აქტიური ზრდა დღეს ამით იყოს გამოწვეული.

ასევე სებში აღნიშნავენ, რომ უცხოურ ვალუტაში პროცენტის ზრდას დააკვირდებიან და აქედან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილება შემოიღონ თუ არა შეზღუდვა. იცით, რომ დოლარში გაიზარდა პროცენტები და ველოდებით, რომ ევროშიც გაიზრდება, ანუ ისედაც ველოდებით განაკვეთების ზრდას. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ გარკვეულწილად მაღალი საპროცენტო განაკვეთი ლარში, მაღალი განაკვეთი უცხოურში, საკრედიტო აქტივობას შეამცირებს, რაც პირდაპირ ურტყამს ეკონიმიკური ზრდის მაჩვენებელს. დღეს საბანკო სექტორი კვლავინდებურად რჩება ეკონომიკის მთავარ დამფინანსებლად, ამიტომ რაც უფრო მეტად იქნება შემცირებული აქტიურობა, ეს მით უფრო მეტად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ძნელაძემ.

კითხვაზე, რა გავლენა ექნება FED-ის მიერ განაკვეთის ზრდას ქართულ საბანო სექტორზე და რამდენით გააძვირებს ეს უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთებს, ძნელაძე განმარტავს, რომ ეფექტს მოსახლეობა უფრო სექტემბრიდან იგრძნობს, თუმცა რა იქნება ზრდის მაჩვენებელი, ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია.

„რეალურად რეფინანსირების განაკვეთი ლარში სრულად არ არის ასახული საპროცენტო განაკვეთში, გარკვეულწილად არსებობს რესურსი, რომელიც უკვე მოზიდული აქვს ბანკს, აქედან გამომდინარე შენარჩუნების საშუალება აქვს. საკმაოდ მაღალია კონკურენცია საბანკო სექტორში, მარჟა მნიშვნელოვნად მცირდება, აქედან გამომდინარე მკვეთრ ზრდას უფრო ვიხილავთ შემოდგომაზე. პირველადი ნაწილი უკვე აისახა, მნიშვნელოვანი დაბალი საპროცენტო განაკვეთების დრო უკვე ამოიწურა, 4.5%-ით იყო გარკვეული შეთავაზებები და დღეს უკვე აღარ არის.

დღეს პროგნოზირება რთულია იმიტომ, რომ 3 თვის წინ 2%-მდე შეიძლებოდა გაზრდილიყო დოლარში განაკვეთი, დღეს უკვე 3.4%-ზეა, არ არის გამორიცხული, რომ კიდევ გადაიხედოს. ევროში ასეთივე მკვეთრი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. 25 პუნქტიან ზრდას პროგნოზირებდნენ და პირდაპირ 50 პუნქტით გაიზარდა, აქედან გამომდინარე დღეს ვარაუდებისთვის არასასურველი დროა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში 2023 წლის შუა პერიოდში დაუბრუნდება თარგეთირებულ მაჩვენებელს და ეს მისცემს საშუალებას როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, მაგრამ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ჩვენ 3-წლიან პერიოდში დავუბრუნდებით ძველ მაჩვენებლებს,“ - განაცხადა „საქმიანი დილას“ ეთერში ძნელაძემ.