მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორი, 2021 წლის იანვრის მიმოხილვა

603b502a05836
ლუკა მიმინოშვილი
28.02.21 13:00
1986
სებ-მა კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წელი საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, მოგების მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს.

2020 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და მისი მოცულობა 367.56 მლნ ლარს შეადგენს, კლება 14 მლნ ლარია, გაზრდილია სხვა და არასაპროცენტო შემოსავლები, ზრდის მოცულობა კი ჯამურად 3 მილიონი ლარია.

საკონვერსიო ოპერაციებიდან სექტორმა ზარალი მიიღო, რომლის მოცულობაც 13.46 მლნ ლარია. გარდა შემოსავლებისა, მნიშვნელოვანი ცვლილებებია ხარჯების ნაწილშიც, რომლის მოცულობაც მიუხედავად საპროცენტო ხარჯების მატებისა 2020 წლის დეკემბერთან შედარებით 24.4 მლნ ლარით არის შემცირებული, შემცირება არასაპროცენტო ხარჯების ცვლილებით არის გამოწვეული, ამ მიმართულებით 2021 წლის იანვარში სექტორს 27 მილიონი ლარით ნაკლები ხარჯი ჰქონდა.

გარდა შემოსავლებისა და ხარჯისა მნიშვნელოვანი ცვლილებებია დეპოზიტებისა და სესხების კუთხითაც.
დეპოზიტების მოცულობა 2021 წლის პირველი თებერვლისათვის 34.88 მილიარდია, ზრდა პირველი იანვრის შემდეგ 0.72 %-ს შეადგენს, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი 38.55 %, პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით ლარიზაცია 0.06%-ით არის შემცირებული.

დეპოზიტებისგან განსხვავებით, 2021 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, შემცირება 48.2 მლნ ლარია, რომლის გათვალისწინებითაც ჯამური მოცულობა 38.17 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად 2021 წლის პირველი თებერვლისათვის საკრედიტო პორტფელის ლარიზაციის კოეფიციენტი 44.14 %-ს შეადგენს, შემცირება 0.18% არის.

2021 წელს ეკონომიკის გახსნასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის დაკრედიტებას, ბიზნესი პანდემიის შემდეგ ეკონომიკური გაჯანსაღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, ამ მიმართულებით კი შემდეგი სურათი გვაქვს.

მიმდინარე წლის იანვარში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის მიმართულებით დაკრედიტების მოცულობა, ლარში გაცემული სესხების შემცირება 36.1 მლნ ლარია და აღნიშნულის გათვალისწინებით 13.57 მლნ ლარს შეადგენს, ვალუტაში გაცემული სესხები კი ამ მიმართულებით 7.68 მლნ ლარით არის შემცირებული და 5.07 მლნ ლარს შეადგენს. დაკრედიტება ასევე შემცირებულია მრეწველობის მიმართულებითაც, შემცირება ლარში 105.36 მლნ ლარია, ხოლო ვალუტაში 75,01 მლნ ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით იანვარში ამ მიმართულებით გაცემული სესხების მოცულობა ლარში 219.6 მლნ, ხოლო ვალუტაში 222.1 მლნ ლარს შეადგენს.

თუმცა, ზემოთ ჩამოთვლილი სექტორები შემცირების მიმართულებით გამონაკლისები ნამდვილად არ არის, რადგან 2021 წლის იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია ყველა მიმართულების დაკრედიტება.

მშენებლობის მიმართულებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები 58.7 მლნ ლარით შემცირდა და 49.06 ლარი შეადგინა, ვალუტის სესხებისათვის შემცირება 78.7 მლნ ლარია და 89.8 მლნ ლარს შეადგენს.

ვაჭრობის მიმართულებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები 80.8 მლნ ლარით 241.6 მლნ ლარამდე შემცირდა, ვალუტის სესხების შემცირება აღნიშნულ სექტორში 241.6 მლნ ლარი იყო და 131.2 მლნ ლარი შეადგინა.

ასევე შემცირებულია სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ფინანსური შუამავლობის, განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაკრედიტება.

ჯამურად ბიზნეს დაკრედიტების მოცულობა 2021 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით ეროვნულ ვალუტაში 520.7 მლნ, ხოლო ვალუტაში 527.8 მლნ ლარით შემცირდა.

როგორც წესი დაკრედიტებისა და ფინანსური აქტივობის მიმართულებით იანვრისა და თებერვლის თვეები ნაკლებად აქტიურია, აღნიშნული შედეგის ერთ-ერთი გამომწვევ მიზეზადაც სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს, განსხვავებით დეკემბრის თვისაგან. მოცულობებში დიდი სხვაობაც ამ მიზეზითაა გამოწვეული, რადგან რეალურად გასული წლის ყველაზე შედეგიან თვეს, ვადარებთ მიმდინარე წლის სავარაუდოდ ყველაზე პასიურ თვეს.

გარდა პორტფელში განცორციელებული ცვლილებებისა, ასევე შეიცვალა საპროცენტო განაკვეთებიც, რომელიც ბიზნეს დაკრედიტების ნაწილში შემდეგნაირად გამოიყურება:

● საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით: მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ფინანსური შუამავლობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება.
● საშუალო საპროცენტო განაკვეთი ლარში შემცირდა შემდეგი მიმართულებებით: სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა.
● საშუალო საპროცენტო განაკვეთი ვალუტაში გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით:
მრეწველობა, ოპერაციები უძრავი ქონებით, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება.
● საშუალო საპროცენტო განაკვეთი ვალუტაში შემცირდა შემდეგი მიმართულებებით:
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ფინანსური შუამავლობა.

აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, ლარში ბიზნეს სესხების საშუალო პროცენტმა - 11.54% -დან, 12.09%-მდე მოიმატა, ხოლო ვალუტაში 7.13%-დან, 6.97%-მდე შემცირდა.

შემოსავლებისა და ხარჯების შედარებისათვის შეიძლება ითქვას რომ 2020 წლის იანვარში შემოსავლების მოცულობამ ჯამურად 410.9 მლნ ლარი შეადგინა, საოპერაციო ხარჯებმა კი 305.9 მლნ.

2021 წლის იანვარში აღნიშნული ჯამური შედეგები შემოსავლის ნაწილში 453 მლნ ლარი, ხოლო საოპერაციო ხარჯების ნაწილში 325 მლნ ლარია.

მიუხედავად პანდემიისა საბანკო სექტორმა წელი აქტიურად დაიწყო, ეკონომიკის სტიმულირებისათვის კი ამ ტემპის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი იქნება.