მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორის აქტივები ₾67 მილიარდს აღწევს

64493523445a0
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.23 18:40
934
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედი 15 კომერციული ბანკის აქტივები წინა თვესთან შედარებით 451.4 მლნ ლარით, ანუ 0.67 პროცენტით შემცირდა, თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე სექტორში 0.45 პროცენტის ზრდა დაფიქსირდა და 2023 წლის მარტის ბოლოს 67.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.0 პროცენტია.

საბანკო დეპოზიტების სტატისტიკა:

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 43.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268.98 მლნ ლარით, ანუ 0.62%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.47%-ით მეტი). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 74.07 მლნ ლარით, ანუ 0.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.48%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 343.05 მლნ ლარით, ანუ 1.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.16%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის მარტის ბოლოსათვის 46.49 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.75 პროცენტული პუნქტით).

საბანკო კრედიტების სტატისტიკა:

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 412.20 მლნ ლარით (0.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.55%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 44.87 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.08 მლნ ლარით (1.12%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 137.12 მლნ ლარით (0.69%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.09%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 7.39 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.42%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.07%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.50%-ით მეტი).